კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, – ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
კალაძის თქმით, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენთვის უპირველესი და ამოსავალი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ სანამ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, რასაც გააკეთებს და რა პოლიტიკასაც გაატარებს, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო ს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, – ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას.