კახა კალაძე – პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩის მცდელობებს – ჩვენთვის მთავარია, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩმა პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას

პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩის მცდელობებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ინფორმაციას, რომ “საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოკვლევა დაიწყო“.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩის მოვალეობაა, ქვეყნის ინსტიტუციებისადმი პატივისცემა და პროტოკოლით განსაზღვრული წესების დაცვა.
„პეტერ ფიშერის საქმიანობას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ის დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს. არის მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებისა და ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. კარგია, რომ გერმანიაშიც დაისვა კითხვები მასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა მისიაში მყოფებმა, ამ შემთხვევაში ელჩებმა, პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რაც არის პროტოკოლით გაწერილი, შეასრულონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ