რასაც აკეთებენ ქვეყნის შიგნით, ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება გარედან მითითებებსა და დავალებებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, რა პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა და აწარმოებს, იყო ანტისახელმწიფოებრივი და მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ.
„რეალურად რასაც აკეთებენ ქვეყნის შიგნით, ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება გარედან მითითებებსა და დავალებებს. ის, რაც ამ ადამიანებმა წლების წინ ჩაიდინეს, ის რა პოლიტიკასაც აწარმოებენ, რა თქმა უნდა, მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ, იყო ანტისახელმწიფოებრივი. დღესაც აგრძელებენ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას. ზუსტად ეს განცხადებაც, მათი ქმედებაც მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ემსახურებიან გარედან მიღებულ დავალებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.




