კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიული კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის 100%-იანი თანახმობა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთი შენობის დემონტაჟი მოხდეს.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, კანონის მიხედვით, მესაკუთრის გარდა, არავინ არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება. აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის კატეგორია აქვს მინიჭებული.
„ავარიული შენობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი, რაც დათვლილი გვაქვს, დაახლოებით 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა არის ავარიული, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. რა თქმა უნდა, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსები დემონტაჟს, განახლებას, ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას საჭიროებენ. 2021 წელს ჩვენ ჩვენი დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით წლების განმავლობაში მომხდარიყო ამ შენობის ჩანაცვლება, საზოგადოებას წარვუდგიგინეთ. ცხადია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება, ეს შეუძლებელია, რადგან დედაქალაქში ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსზე არის საუბარი“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, როდესაც საუბარია ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად მერია აწყდება პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე დღეს ცხოვრობენ.
კახა კალაძის განცხადებით, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება ინვესტორმა გააკეთოს, თუმცა, მუნიციპალიტეტს ამის უფლება და შესაძლებლობა არ გაგვაჩნია“,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლონ.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ, მოსახლეობას, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ, არაფერი გექნებათ გადასახადი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, სანამ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, უზრუნველყოფილი იქნებით. დაახლოებით 1.5 წელი, მაქსიმუმ 2 წელი სჭირდება მთლიანად სამშენებლო სამუშაოების დასრულებას. გადმოგეცემათ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომელშიც ცხოვრობდით, უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული“,-განაცხადა კალაძემ.