კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებზე – სპეკულაციები ხდება, თუმცა რეალურად, როგორც ადრე, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას ქირით გაყვანაზე – ტყუილია, რომ ეს ერთი ან სამი თვით შესთავაზეს, ერთი წლის შემდეგ, ხელმეორედ ფორმდება ხელშეკრულება

დედაქალაქის მერია თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულები, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა, მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს თუ არ გააჩნიათ საცხოვრისი და მიიღებენ უსახლკაროთა სტატუსს, შემდგომში მუნიციპალური ქონებითაც მოხდება მათი დაკმაყოფილება.
„მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ის ოჯახები, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები და არ აქვთ საცხოვრებელი ფართები, უზრუნველვყოფთ ქირით. მათ ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ამას აქვს შესაბამისი პროცედურა. თქვენ უნდა მიიღოთ უსახლკაროთა სტატუსი. ამასთან დაკავშირებითაც, თუ გნებავთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დეტალურად გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი და წარსადგენი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ თქვენ მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი და შემდგომში უკვე მუნიციპალური ქონებით მოხდეს თქვენი დაკმაყოფილება. თუმცა მანამდე გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უზრუნველყოფილნი იქნებით ქირით. მე როგორც ვიცი, სამი ოჯახი დათანხმებულია ქირით უზრუნველყოფას და პროცესები მიმდინარეობს, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება.
ნუ მოუსმენთ და ნუ მიიღებთ არასწორ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ასეთი ფაქტების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა რეალობა არის ერთი – მუნიციპალიტეტი როგორც ადრე, ასევე ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მოახდინოს ამ ადამიანების ქირით უზრუნველყოფა, გაყვანა.
ასევე, მოვისმინეთ განცხადებები: ვიღაცამ ერთი თვით შესთავაზა, ვიღაცამ სამი თვითო – ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, სპეკულაციები. მუნიციპალიტეტს ასეთი შეთავაზება არავისთვის არ გაუკეთებია. ერთი წლის შემდეგ, ხელმეორედ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლება 24 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა, ჯამში, 17 ადამიანი დააკავეს.