ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ორმხრივი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის, რაც აშშ-ის ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, „სრული კატასტროფა იყო და ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
კერძოდ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ყველა განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუქარით და ბინძური პროპაგანდით.
„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ყველა მის წინადადებაში. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ პარალელურად, ასევე, პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორივე მთავარ დაპირებაში – „დიფ სთეითის“ დამარცხებაში, ომის დასრულებაში. რა თქმა უნდა, როგორც პირველი, ასევე, მეორე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილში იყო აღნიშნული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის.
ის რაც ხდებოდა ძველი ადმინისტრაციის პირობებში, ეს იყო სრული კატასტროფა. როდესაც ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გიმტკიცებენ თეთრზე შავია, გაყენებენ შეურაცხყოფას, ყველა მათი განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუქარით, ბინძური პროპაგანდით. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს მიერ გაკეთებული ყველა განცხადება, გამოქვეყნებული წერილები მიუთითებდა იმას, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ის, რაც წარსულში ხდებოდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ორმხრივი,“ -განაცხადა კალაძემ.
