მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები რა განცხადებასაც აკეთებენ, ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას.
კალაძის თქმით, მათთვის ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ არავისთან არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობა – ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია – ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. დღეს დასავლეთის და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე არავინ ეწევა, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებასაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაც დამალო, როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ ამას გიკრძალავენ, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ხალხი სულელი არაა – ყველაფერს ხვდება, ხედავს, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გადაიხედება თუ არა ამერიკასთან ურთიერთობები, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება.
„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა -ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ და ვიგრძნოთ. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს განსაკუთრებულს. აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით თქვე დალოცვილები, რატომ არის პრობლემური და თქვით ერთი არგუმენტი მაინც, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულობასა და ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობა.
ეწინააღმდეგებიან [კანონპროექტს] იმიტომ, რომ არ გასაჯაროვდეს ის ფაქტები და კონკრეტიკები, რომელიც ვიცით ხომ? – ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციას, რევოლუციის მცდელობას, დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ერთი მხრივ, გეუბნებიან, შეამცირეთ პოლარიზაცია, მეორე ხელით ეს ფონდები ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ – არ არის ეს ლამაზი, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ეს გამჭვირვალე, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, – განაცხადა კალაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მისი აღმატებულება – ქართველი ხალხია.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია – ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საქართველოა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, გარე გავლენის შემცირება. ყველა გარე გავლენა უნდა შემცირდეს და ქართველი ხალხის გავლენა გაძლიერდეს. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მისი აღმატებულება – ქართველი ხალხია“, – განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ესაუბრა დერეკ შოლეს და გამოხატა მისი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული “ენჯეოების” მეშვეობით განხორციელდა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.