არ იფიქროთ, რომ ბრიუსელში წამოსკუპებულ ბიუროკრატს დღე და ღამე არ სძინავს ჩვენზე ფიქრით, საქართველო როგორ განვითარდეს და როგორ იყოს ყველაფერი კარგად,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ რუსეთისგან 310 მილიარდის ღირებულების პროდუქციის შეძენასთან და მათ შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველას სურვილია, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მაგალითად, ჩვენ რაღაცას გვიკრძალავენ და თვითონ აკეთებენ. ის, რაც არ შეიძლება ჩვენთვის, მისაღებია მათთვის. ყველა გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ყველას უნდა თავისი ქვეყანა ეკონომიკურად იყოს განვითარებული. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ დიდ ქვეყნებს, ეს უნდათ პატარა ქვეყნების ხარჯზე. ისეთი ქვეყნების ხარჯზე, როგორიც არის საქართველო. რატომ? ჩვენ სულელები ხომ არ ვართ? რატომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ისინი რა თქმა უნდა, თავიანთ ქვეყანაზე ფიქრობენ. არ იფიქროთ, რომ ბრიუსელში წამოსკუპებულ ბიუროკრატს დღე და ღამე არ სძინავს ჩვენზე ფიქრით, საქართველო როგორ განვითარდეს და როგორ იყოს ყველაფერი კარგად. აი, სულ ამით არიან დაკავებულები და დღე და ღამ ამის ფიქრით არიან, ყველა ფიქრობს თავის თავზე, თავის ქვეყანაზე. ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ამიტომ არის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. პირველ რიგში, ვითვალისწინებთ და ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩემი საკუთარი ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, უსაფუძვლოა კრიტიკა, თითქოს საქართველო უკრაინას არასაკმარისად ეხმარება.
„საერთაშორისო პლატფორმაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც უკრაინას და უკრაინელ ხალხს სჭირდებოდა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი შემოვიდა საქართველოში. დაყვედრებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ყველანაირად გვერდით დავუდექით, ხელი შევუწყეთ ამ ადამიანებს და მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ყველამ უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც ხელშემწყობი იყო მათი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა კალაძემ.




