კან კვარჩია: „აფხაზეთის ზოგიერთ გმირს უკვე აქვს საქართველოს მოქალაქეობა“

ოკუპირებული ს დე ფაქტო პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის უფლებას. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. ცვლილების შედეგად კი „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ და გვარის აღდგენის უფლება უნდა მიეცეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზა), იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ისტორიული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება (აბაზა).
შესწორების ინიციატორია ე.წ. დეპუტატი ოპოზიციიდან, კან კვარჩია. მას სხდომაზე ჰკითხეს, საქართველოს მოქალაქეობის ქონა წარმოადგენდა თუ არა დაბრკოლებას აფხაზური გვარის მოპოვებაში? შეკითხვას კვარჩიამ შემდეგნაირად უპასუხა: „აფხაზეთის მოქალაქეობის ვერმიღების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ პირს არ ჰქონდეს შემხებლობა (ქართულ-აფხაზურ) ომთან. სხვა დანარჩენს – მას როგორი მოქალაქეობა აქვს – ჩვენ ვერანაირად ვერ შევამოწმებთ. უფრო მეტიც, მე მინდა გითხრათ, ჩვენს მოსახლეობას, აფხაზეთის მოქალაქეებს, მით უმეტეს, აფხაზური ეროვნების, ჩვენ ოფიციალურად არ შეგვიძლია დავადასტუროთ, მაგრამ ბევრს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, აფხაზეთის ზოგიერთ გმირსაც კი. თუკი ჩვენ ამ გზით წავალთ, მაშინ შევიქმნით პრობლემას, რომ ეს საკითხი არ გადავწყვიტოთ. ჩვენთვის კი ამ პროცედურის დაწყება მნიშვნელოვანია“.
2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის შესაძლებლობას იძლეოდა. შემდეგ კი ის დაჩქარებული წესით გააუქმეს. იმ დროს ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მისი მიზანი იყო „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მასობრივად მინიჭება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.