„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები გადასახედია და არსებული ფორმით გაგრძელება შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ეს უნდა იყოს ორმხრივი.
საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს ქვეყანაში და იქნება ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. არა, მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ მშვიდობას, გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება და მზად ვართ პარალელურად ჯანსაღი ურთიერთობების გასაღრმავებლად,“ — თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.