ისრაელმა კონსულტაციისთვის გაეროდან ელჩი გაიწვია

ს მთავრობამ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაადანაშაულა ჰამასის სისასტიკეზე დუმილში და გაეროდან კონსულტაციისთვის გაიწვია თავისი ელჩი გილად ერდანი. ამას წინ უძღოდა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ეხება 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას ამ დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ელჩი გაეროდან გაიწვიეს ანგარიშის მიჩქმალვის მცდელობასთან დაკავშირებული კონსულტაციისთვის. კაცმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ გაეროს ანგარიში აღწერს ჰამასის სიმხეცეს, თუმცა გენერალური მდივანი დუმს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიმართა, რომ მოქმედების დროა, ჰამასი მთელმა მსოფლიომ ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა აღიაროს, ხოლო მისი მხარდამჭერი ქვეყნები – ტერორიზმის სპონსორებად.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა 4 მარტს წარმოადგინა ანგარიში, რომელიც ეხება ჰამასის მიერ მძევლების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალდობას და სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას. ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს ხუთი თვე დასჭირდა შოკისმომგვრელი დანაშაულის აღიარებისთვის, თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კვლავ დუმს და ამ საკითხის განხილვას არ გეგმავს.
გენერალური მდივნისადმი ისრაელის კრიტიკა უარყო ანტონიუ გუტერეშის პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა. მისი განცხადებით, გენერალური მდივანი სრულად უჭერდა მხარს დოკუმენტის ავტორების მუშაობას და ეს ანგარიში საჯაროდაც გამოქვეყნდა.
2023 წლის ოქტომბრიდან, ჰამასის თავდასხმის პასუხად მასთან ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მთავრობამ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში არაერთხელ დაადანაშაულა „ტერორისტების მხარდაჭერაში“ და მისი გადადგომა მოითხოვა.
თავის მხრივ, გუტერეშმა ისრაელს არაერთხელ დასდო ბრალი მშვიდობიანი პალესტინელების მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ