ირაკლი ჩიქოვანი – დღეს რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა

ე.წ. countdown-ი ანუ უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისთვის, რომ განაცხადონ, რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები, – ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ რუსეთში დაბრუნდება“.
ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მამუკა ხაზარაძის ქმედებები და დღის წესრიგი სრულ სინქრონშია. ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ როდესაც აღნიშნული ძალა ხელისუფლებაში დაბრუნდება, კვლავ აამოქმედებს რეპრესიულ მანქანას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათ „გაკვეთილი ვერ ისწავლეს!“
„ისინი როდესაც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც ამ სახელმწიფოში იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორე მხრივ, დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს. ვიღაცებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა, რატომ ვსაუბრობ დაბრუნებაზე – მამუკა ხაზარაძე ჯერ არ ყოფილა ხელისუფლებაში. მე გეტყვით იმას, რომ დღეს რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს გეგმებში აქვს, რომ დააბრუნოს ამ ქვეყანაში რეპრესიები, ძალმომრეობა, ამას არავინ დაუშვებს.
„სამწუხაროა, რატომ ჰგონიათ, რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს. მე მგონია, რომ პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უბრალოდ, როდესაც ადამიანები ვერ აფასებენ ადეკვატურად, რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე. დღეს გვაქვს ჩვენ ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, სადაც ყველას შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ რასაც მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული სხვა პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და ხელახლა დაუბრუნდებიან იმ სქემებს და მექანიზმებს, რომელსაც იყენებდნენ 2012 წლამდე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ