ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი – ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის!

ყველაფერი ძალიან კარგად არის, მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 რეკომენდაციის შესახებ დასმულ შეკითხვას.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიცია ჩართული არ იყო.
„ეს რადიკალური და ექსტემისტული ოპოზიცია არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში ჩართული არ იყო. მაშინ, კითხვას გისვამთ თქვენ და რატომ არ უსვამთ თქვენ ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ ორგანიზაციას, რატომ არ მონაწილეობდნენ ისინი 12 რეკომენდაციის შესრულებაში? ჩვენი მიზანი ხომ იყო მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თავის დროზე, რატომ არ მიიღეს მათ მონაწილეობა? სანაცვლოდ, საპირისპიროდ ისინი განუწყვეტლივ, რატომ იღებდნენ მონაწილეობას საბოტაჟში, შეთქმულებაში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? აი, ეს არის მთავარი კითხვა. მათ არ უნდოდათ, რომ სახელმწიფოს მიღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი, ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ. ეს არის რეალობა.
რაც შეეხება 9 ნაბიჯის შესრულებას, ამაზე იცით, რომ ჯერ კიდევ გასულ თვეებში, რამდენიმე თვის წინ, ჩემი ხელმძღვანელობით გაიმართა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო პარლამენტიც და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ვიცით ზუსტად, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ, ზედმიწევნით სწორად და დროულად შეასრულოს ეს ცხრავე რეკომენდაცია, თუ ცხრა ნაბიჯი. ყველაფერი ძალიან კარგად არის, მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა 9 დათქმასთან დაკავშირებით პარლამენტში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომელშიც „ლელო“ არ მონაწილეობს.
„თავად ახსენეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიან პარლამენტში, მაგრამ თავად აქვთ განწყობა, რომ აზრი არ აქვს არაფერს. თავიდან თვითონ ქმნიან, იყალიბებენ ამ აღქმას ისე, რომ არაფერს აზრი არ აქვს. მაშინ, რატომ მიდიან? მეორე, თქვენს მიერ ხსენებული „ნაცმოძრაობის“ დანაყოფი „ლელო“, თაღლითის მიერ დაფუძნებული პარტია, თურმე ე.ი. არ მონაწილეობს. აქაც გადაასწრო საკუთარ დედა პარტიას, „ნაცმოძრაობას“. ამაზე ბევრს არ დავიხარჯები, მარტივად გიპასუხებთ, თუ უნდათ, მიიღონ მონაწილეობა და რეალურად საქმე აკეთონ, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამაზეც დიდიად არ ვინერვიულებთ. მათ გარეშე მივიღეთ სტატუსი, მათ გარეშე გავიყვანთ სამშვიდობოს ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვით, მესამე სექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ცესკოსთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის თქმით, ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა მათი საქმიანობა.
„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი სამუშაოებია გაწეული ცესკო-ს ხელმძღვანელების მიერ იმისათვის,რომ ამხელა შედეგისთვის მიეღწიათ. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ოპოზიციას, თუ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ცეკსოს ხელმძღვანელი და მთელი ცესკო უნდა ყოფილიყო მათ მიერ მართული, რომ თავად გაეყალბებინათ არჩევნები, მოეპარათ ხალხის ხმები, უკაცრავად და ამაზე, რა თქმა უნდა, არცერთი ხელისუფლება არასდროს დათანხმდება. იქ ყველაფერი ორგანიზებულია კანონის შესაბამისად, ჩვენ კანონის საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. აქედან გამომდინარე, თქვენი შეკითხვაც უბრალოდ ვფიქრობ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია, რომ გააგრძელოთ ნარატივი, რომელიც ოპოზიციისგან მომდინარეობს. არ არსებობს არცერთი საფუძველი“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი