ირაკლი ღარიბაშვილი – თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება შეამოწმოს

თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ეს [„ვეტინგის“ სისტემა] არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ე.წ ვეტინგის სისტემის ირგვლივ წამოწყებული კამპანია შეურაცხმყოფელია.
„დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი, ქართული სასამართლო და არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში. დასრულდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, არ დადგება ის დრო, რომ სასამართლო მართონ გარედან უცხო ქვეყნებს. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მითუმეტეს ზოგიერთი აგენტების ხელით. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს იცავენ.
ყველა გამოკითხვისა და რეიტინგის მიხედვით ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და პირველ ადგილზე ვართ კანონის უზენაესობის მიმართულებით.
ასე რომ, ეს კამპანია, რაც ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით არის, შეურაცხმყოფელია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ეს არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს. ჯერ მათი კეთილსინდისიერება გამოვიკვლიოთ კარგად, გავარკვიოთ ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ სხვის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ქუჩებში სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ წარწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კამპანია დაორგანიზებულია და მასში თანხას იხდიან.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ისინი „იმართებიან ე.წ აგენტურული ორგანიზაციების მიერ.“
„ეს არის დაორგანიზებული, ფულია ამაში გადახდილი, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ესეც იმართება მტრულად მოქმედი ე.წ აგენტურული ორგანიზაციების მიერ. სად იყვნენ ეს ადამიანები, როდესაც სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებულიყო? მაშინ რატომ არ ინტერესდებოდნენ ვიღაცის კეთილსინდისიერებით ან სამართლიანობით? – ქვეყანაში სამართალი იყო გამრუდებული. სამართალი 2012 წლამდე საქართველოში არ არსებობდა. 2012 წლის შემდეგ სასამართლო დადგა ფეხზე და ჩადგა ჩვენი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ფერხულში. ამიტომ, „ვეტინგი“, ვიღაცის შემოწმება, მათი დალაგებულია, რომ ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. ეს იმიტომ, რომ მათ ხელში ვერ ჩაიგდეს სასამართლო. ამას არ დავუშვებთ. ამ კამპანიას, ყველა პატრიოტი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს და რამდენიმე მოსამართლე ათი იქნება თუ ოცი, რომ წასულები არიან ვიღაცის დაფინანსებით – ეს სამწუხარო რეალობაა. მინდა ამ ადამიანებს შევახსენო, რომ ისინი არიან ქართული სასამართლოს მოსამართლეები და არა უცხო ქვეყნის, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს და სხვათა მოსამართლეები, თუ მათ ჩვენს სასამართლოში მუშაობა არ უნდათ, კეთილი ინებონ და დატოვოს სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნის სასამართლოებში თუ ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ