ირაკლი ნადირაძე – იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ კახა კალაძემ გასულ წელს 200 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გასულ წელს თბილისის მერმა, მ 200 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა და „ეს გააკეთა ერთი მიზნით, რომ თბილისის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებისთვის მოირგოს და გამოიყენოს“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „აუცილებლად წააგებს“.
„დღეს თბილისის საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები. იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობებში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, როდესაც უამრავ ადამიანს უარს ეუბნებიან ელემენტარული წამლების ან ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ კახა კალაძემ გასულ წელს 200 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ აღნიშნული 200 მილიონი გადმოიტანოს მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებით წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ისევ და ისევ, მერიაში იზრდება დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, მარტო ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ემატება 100 ადამიანი, რომელზეც დამატებით თბილისელებმა ორ ნახევარზე მეტი მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ და ჯამში მერიის შრომის ანაზღაურება 130 მილიონი ლარი გახდება. ასევე, მაშინ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ გადასახადები, მედიკამენტები, ყველაფერი გაძვირებულია, ამ დროს კახა კალაძე კვლავ და კვლავ ზრდის ჯარიმების გეგმას და 10 მილიონით იზრდება ჯარიმების გეგმა. წელს თბილისელებისგან ის აპირებს, რომ 10 მილიონი ლარი ამოიღოს ჯარიმების სახით. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრა, რომ 200 მილიონი კი არა, რამდენი მილიონი ლარიც არ უნდა გადმოიტანონ დამატებით რესურსად, მათ ვერ უშველით ვერც ეს ფინანსური, ვერც ადმინისტრაციული რესურსები, რადგან მათ ამ ქვეყანაში ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ვერ შექმნეს, მათ ვერ გააძლიერეს ეკონომიკა, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ფასების ზრდას და შესაბამისად, ისინი ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებენ. ეს დოკუმენტები აუცილებლად უნდა გაეგზავნოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ იცოდნენ, როგორ ხდება ბიუჯეტის, მათ შორის თბილისის ბიუჯეტის წინასაარჩევნოდ, როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.