ირაკლი კუპრაძე – მანიპულაციური, დანაშაულებრივი, კორუფციული სქემებით, „ქართული ოცნება“ აყალბებს სამუშაო ადგილების შესახებ მაჩვენებლებს

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა! – „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივმა კორუფციულმა პოლიტიკამ 200 ათასი სამუშაო ადგილი დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 16.4%-ია, დაუსაქმებელია 261 700 სამუშაოს მაძიებელი.
„ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა, რომ არა „ქართული ოცნებისა“ და ს დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწოდეს, რომ იაფი ბილეთებით გავფრენილიყავით უცხოეთში, დაგვეტოვებინა საქართველო და უცხოეთში ეძებათ ჩვენს მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. ბევრად უფრო მძიმე მაჩვენებელი იქნებოდა, „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდვის, არჩევნების გაყალბებისა და კორუფციული სქემების დანაშაულებრივი სოციალური პოლიტიკა რომ არ არსებობდეს, რის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ნაყალბევად დაასაქმა ადამიანები თითოეულ მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებზე, არარსებული აუზების მომვლელებად და დარაჯებად. ამ მანიპულაციური, დანაშაულებრივი, კორუფციული სქემებით, „ქართული ოცნება“ აყალბებს მაჩვენებლებს სამუშაო ადგილების შესახებ.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ 2016 წლიდან საქართველოში სამუშაო ადგილები ყოველ კვარტალში ძალიან მძიმე მაჩვენებლით უარესდება და მცირდება. 2016 წელს 1 022 600 სამუშაო ადგილიდან, 2022 წელს 975 000 სამუშაო ადგილამდე შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კორუფციული პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, აქრობს სამუშაო ადგილებს და დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში.
„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არა მხოლოდ დასაქმებისა და სამუშაო ადგილების დეფიციტი, არამედ ხელფასების დეფიციტი, რისი მტკიცებულებაც არის Eurostat-ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამჯერ უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და დაახლოებით 175%-ით დაბალია ხელფასები ბულგარეთთან და რუმინეთთან მიმართებით. „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, მოქალაქეებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ უმუშევრობა ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ბრალი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არც ერთი დიდი კომპანია არ შემოუყვანია, არც ერთი დიდი ინვესტორი საქართველოში არ შემოსულა, თუმცა ნათლად გვახსოვს იმ ინვესტორებისა და კომპანიების სახელები, რომელთაც მოახდინეს ინვესტიციების ექსპროპრიაცია. „ლელოს“ მთავარი მიზანია ამ პროცესში დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს დაკარგული შესაძლებლობა – 200 ათასი სამუშაო ადგილის სახით, რომელიც უკვე უნდა არსებობდეს და მეორე მხრივ, შესთავაზოს მოქალაქეებს 200 ათასი სამუშაო ადგილი, რეალური, ქმედითი, მაღალანაზღაურებადი, რომელიც უნდა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მიხედვით და ამ პრეზენტაციას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პერიოდულად „ლელო“ შემოგთავაზებთ“,- განაცხადა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია