მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე, აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას – დღევანდელ დღეს, მათ სცადეს 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ, კიდევ ერთხელ, საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
მისი განმარტებით, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც ქვეყანას მოუტანა გაერთიანება და მოუტანა დამოუკიდებლობა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ერთი მხრივ, ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა ამასთან ერთად, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას მოუტანა გაერთიანება, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და მოუტანა დამოუკიდებლობა. ზუსტად 2 წელიწადში 9 აპრილის ტრაგედიიდან, საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, რამდენიმე წელი,როდესაც საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე და ეს ყველაფერი, ასევე შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს.
თქვენ ხედავთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას და ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს უკვე ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები, ასევე ცდილობენ ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს ძალები, ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“, მე ვგულისხმობ ე.წ. „დიფ სთეითს“ და ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის (მანამდე მოქმედებდა, ოფიციალური სტრუქტურების) გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე, აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომელიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად,საზოგადოების გასახლეჩად, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. დღევანდელ დღეს, მათ სცადეს 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ, კიდევ ერთხელ, საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად.
რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდა თავის დროზე, 34 წლის წინ საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, ჩვენ აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და აუცილებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი საერთო ოცნებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასევე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.
