ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობას

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს და ის ხელყოფს სუვერენიტეტსა და სამართლის უზენაესობას.
23 მარტს ირაკლი კობახიძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც 24 მარტს უნდა გაიმართოს, მოუწოდა, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.
ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ეს მეთოდი ვეტინგის (Vetting) სახელითაა ცნობილი. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა დაიმორჩილა, ეს იყო სწორედ ე.წ. ვეტინგი.
ის ირწმუნება, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს:
„პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეტინგი. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას.
ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ“, – აცხადებს ირაკლი .
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის დახმარებით, ოპოზიციას სურს დაიმორჩილოს სასამართლო ხელისუფლება:
„ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა“.
23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ კვირას, 24 მარტს დაგეგმილ კონფერენციაზე „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, შეეცდებიან, კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეების ზურგს უკან ამოფარებით, თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას“.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსამართლეთა კონფერენციას, არ დაუშვან, რომ „კლანმა მოსამართლეთა კორპუსი ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად გამოიყენოს“.
კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება. ესენი არიან:
· იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
· სასამართლოს თავმჯდომარეები.
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით, ასეთი სულ 60 მოსამართლეა.