იმ სენატორებიდან, რომლებიც “მეგობარი აქტის” სწრაფად მიღებას აფერხებდნენ, ერთ-ერთმა პოზიცია შეიცვალა – რაუფოღლუ

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ წერს, რომ სამი სენატორიდან, რომლებიც აფერხებდნენ “მეგობარი აქტის” დროულად მიღებას, ერთ-ერთმა პოზიცია შეცვალა. რაუფოღლუ არ აზუსტებს, ვისზეა საუბარი. თუმცა, წერს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე “მეგობარი აქტისთვის”.
“მნიშვნელოვანი სიახლე “მეგობარი აქტის” შესახებ. წყაროება მითხრეს, რომ სამიდან ერთი სენატორი აღარ ბლოკავს აქტს. წინ”, – წერს ჟურნალისტი.
რამდენიმე დღის წინ რაუფოღლუ წერდა, რომ მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი მხარს არ უჭერდნენ “მეგობარი აქტი” დაჩქარებული ვადებით მიეღოთ.
თუ სენატორები ერთხმად შეძლებენ შეთანხმებას, მეგობარი აქტი სწრაფად იქცევა კანონად, სხვა შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა სტაბდარტული პროცედურით წარიმართება.
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.