იაპონიის საელჩო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს

იაპონიის საელჩო საქართველოში 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, პიანისტი, მაესტრო უსუი ტოშიკი ერთ-ერთი გამორჩეული იაპონელი შემსრულებელია, რომელის სახელიც ცნობილია მსოფლიოში.
„მან აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ მისი საშემსრულებლო ოსტატობით, არამედ საქველმოქმედო საქმიანობითაც, მათ შორის, გამოსარჩევია 2015 წელიდან ქალაქ სიღნაღში ჩატარებული კონცერტები. სწორედ ამიტომ, მაესტრო უსუის ჰქონდა პატივი, მიეღო სიღნაღის საპატიო მოქალაქის სტატუსი. დიდი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციებისადმი მაესტრო უსუის დამოკიდებულება და მათი ოსტატური შესრულება, დიდი მოწონებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბატონი უსუი ასევე ხელმძღვანელობს აზარაშვილის პროექტს იაპონიაში. მისი ძალისხმევით, იაპონურმა მუსიკალურმა კომპანიამ „Zen-On“ გამოსცა აზარაშვილის 9 კომპოზიცია, რომლებიც წარმატებით იყიდება იაპონიასა და მსოფლიოში. წლების განმავლობაში მაესტრო უსუის ძალისხმევა ფასდაუდებელია იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გამყარებასა და განვითარებაში.
კონცერტზე აზარაშვილის კომპოზიციებთან ერთად შესრულდება ცნობილი იაპონელი კომპოზიტორების ნაშრომები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს იაპონიაში კლასიკური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზებაში. ამ კონცერტით ასევე გვსურს აზარაშვილის მიღწევებისადმი გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა. მისი კომპოზიციები, რომლებიც იაპონელების გულს იპყრობენ, არის ხიდი იაპონიასა და საქართველოს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.