იაგო ხვიჩია – შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, პარლამენტში დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა – შეურაცხმყოფელია, შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი

მე მგონი, შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა მ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების მოხსნის ინიციატივაზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ყველა ხედავს დეპუტატების საქმიანობას და თუ სადმე მუშაობის პრობლემა ფიქსირდება, ის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობას არ უკავშირდება.
„მე არ მესმის, რას მერჩის ბატონი ფრიდონი, მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის სხეულში რაღაც ნივთიერების არსებობა ხელს უშლის იმას, რომ ის ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას, ოდესღაც თუ რაღაც შეუშვა სხეულში. მე მგონია, ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი. სწორია ის ცვლილება, ვეთანხმები იმ ცვლილებას, რასაც თქვენ ახორციელებთ, იმიტომ, რომ მე მგონი შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში. აქ ვართ ყველა, ვხედავთ ამ პარლამენტში არსებულ სიტუაციას და ვხედავთ დეპუტატებს მთვრალებსა და არა მთვრალებსაც და ვხედავთ, რომ თუ სადმე გვაქვს მუშაობის პრობლემა, მაგ ნაწილში არ გვაქვს, რომ ვიღაცის შარდში რაღაც მოლეკულა აღმოჩნდა თუ არა, სხვა ნაწილებში გვაქვს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანარჩენი კოლეგებიც მიხვდებიან, რომ შეურაცხმყოფელია, დეპუტატს მოაშარდვინო, რომ შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი, სწორად ავირჩიეთ პარლამენტში თუ არ ავირჩიეთ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ნარკომომხმარებელს აქვს უფლება, პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ჩემი შარდი წმინდა არ არისო, მას რატომ უნდა მოაშარდვინოთ და რატომ უნდა ამოწმოთ არ მესმის, ხალხმა ის ასეთი აირჩია, ასეთ კაცს ანდო თავისი წარმომადგენლობა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იქამდე „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია გამოვიდა ინიციატივით, საჯარო მოხელეებმა უფრო ინტენსიურად გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და ნარკოტიკული საშუალების ორგანიზმში აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულები იყვნენ დატოვონ თანამდებობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი