იაგო ხვიჩია სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე – იქაც შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან

შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან. თუ შინაარსობრივად სამუშაო ჯგუფი იქნება – ჩავერთვები, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის 9 პირობის შესასრულებლად სამუშაო ფორმატები შეიქმნება.
ხვიჩიას თქმით, ისინი ყველა შეხვედრაზე დადიან და იქაც „შეივლიან“.
„ჩვენ პარლამენტის შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რა შეხვედრაც არ უნდა იყოს, აქაც შევივლით. სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-თქო როგორ გითხრათ, როცა არ ვიცი, სამუშაო ჯგუფი ჰქვია იმას, რაც აქ შეიძლება გაკეთდეს თუ არა. თუ ეს სამუშაო ჯგუფი იქნება შინაარსობრივად, რასაკვირველია, იქაც ვიქნები ჩართული, მაგრამ თუ არ იქნება სამუშაო ჯგუფი და რაღაც სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ „თავდაცვის კოდექსზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსში სამი მტკივნეული თემაა, რომელიც თავისი არსით აბსურდია და ეს ეხება გაწვევის გასაჩივრების საკითხს, რელიგიური გრძნობების დადგენას და ონლაინ სტუდენტების გაწვევას.
„ეს სამი თემა იმდენად აბსურდულია, რომ ეს მიმძაფრებს ეჭვს, ბატონი გრიგოლი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე) შემოგზავნილია. ადამიანს ეუბნებიან, რომ იძულებით მიდის ჯარში, შეუძლია გაასაჩივროს ეს, მაგრამ ამ დროს იქნება კარანტინში და გასაჩივრება არ გააჩერებს გაწვევის გადაწყვეტილებას. მეორე საკითხია რელიგიური. როდის ყოფილა ადმინისტრაციული ორგანო არკვევდეს, ხართ თუ არა მორწმუნე, „ქოცები“ ასეთ ადმინისტრაციულ ორგანოს ქმნიან, რომელიც გაარკვევს, რომელი ღმერთის მიმდევარი ხართ, ამას აქამდე ეკლესიები აკეთებდნენ და როცა ვიკითხეთ, რატომ ართმევენ ამ ფუნქციას მათ, გვითხრეს, კვების რაციონი უნდა შევადგინოთ სწორადო, მაგალითად, მუსლიმს რომ ღორის ხორცი არ გადასცდეს. ამაზე ვეუბნებით, რომ იქნებ ალერგიაც აქვს ვიღაცას, მაგრამ ეს არ შედის, როგორც ჩანს, კვების რაციონის განსაზღვრაში. ამიტომ ესეც აბსურდულია თავის შინაარსში. მესამე საკითხი ეხება სტუდენტებს. რანაირად შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, რომ სტუდენტი თუ დისტანციურად სწავლობს ჰარვარდში, მაგალითად, ან სადღაც, თქვას, რომ ეს არ უშლის ხელს მის ჯარში წაყვანას და იმ დროს, როცა იქ ლექციები აქვს, ამყოფო ყაზარმაში იძულებით ანუ თუ მართლა შემოგზავნილი არ ხარ და ცუდი არ გინდა ქართული ჯარისთვის, ასეთი ბოდვა თავში როგორ უნდა მოგივიდეს,“ – განაცხადა ხვიჩიამ.