იაგო ხვიჩია – პატიმრები გამოუშვან და „ქართულ ოცნებას“ ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ხმები – ამნისტიის პროექტი ახლა იმიტომ დავაინიცირეთ, რომ საარჩევნო წელს არის შანსი, მთავრობამ ხალხი არ გადააგდოს

იმაზე ღელავენ, „ქოცებმა“ პატიმრების გამოშვებით ხმები არ იშოვონ და მე არ ვღელავ, ოღონდ პატიმრები გამოუშვან. ყველაზე ცხადი უსამართლობა მორჩეს – ოთხ კედელში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებს, [გამოუშვან] და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ეს ხმები, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით „გირჩისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე ჯგუფის ინიციატივას, რომელსაც „ლელო“ მხარს არ უჭერს.
როგორც ხვიჩია განმარტავს, საარჩევნო წელს არის შანსი, მთავრობამ ხალხი „არ გადააგდოს“.
„ამის საწინააღმდეგო აზრი ფარისევლობა მგონია. ღიად ვამბობ, ნეტავ, მიიღოს ეს „ოცნებამ“ და ისარგებლონ [ხმებით], მაგრამ თუ არ მიიღებენ, არ უნდა ისარგებლონ და პატიმრების ოჯახის წვერებისგან ერთი ხმის ღირსებიც არ იქნებიან. ვინც ამას „ქოცურ“ პოზიციად თვლის, „ლელოს“ შემთხვევაში სულელები მგონია, მაგრამ მხოლოდ სისულელით არ მოსდის ხალხს, თან ფარისევლობით მოსდით. გუშინ პატიმრებისთვის რომ იბრძოდი და დღეს ამბობ, ეს იაგომ არჩევნების წელს იმიტომ შემოიტანა, რომ „ქოცებს“ აწყობსო. არჩევნებამდეა შანსი, რომ ეს ხალხი არ მოატყუონ და არ გადააგდონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე განმარტებით, მასშტაბურ ამნისტიაზე საერთო ოპოზიციური კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია.
„ეს მხოლოდ „გირჩის“ ინიციატივა არაა, ჩვენ ერთ-ერთი თანაავტორები ვართ, ორი პარტიაა, რომელიც არ გვეთანხმება – „ლელო“ და გახარიას პარტია. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო ოპოზიციური კონსენსუსი იყოს და მერე მივიდეთ „ქართულ ოცნებასთან“, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებულია და ამ თემასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო სპეკულაციებს ადგილი არ ექნება. ორი პარტიაა, ვინც ეწინააღმდეგება – „ლელო“, გახარია, ისინი მაინც და მაინც დიდ ძალას არ წარმოადგენენ, უბრალოდ ბაზარს აფუჭებენ, საქმეს გიფუჭებენ, რადგან საკმაოდ რთული პროექტია. ჩვენ გადავამოწმეთ, პატიმართა რაოდენობით ევროპაში მე-4 ადგილზე ვართ, რამდენად განახლებულია მონაცემები, არ ვიცით, რადგან ევროკავშირის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მე-2 ადგილზე ვართ, ბევრი პატიმარი გვყავს – 100 000 ადამიანზე 260 პატიმარი გვყავს, მაშინ როცა, უნგრეთს 200-მდე ჰყავს, როგორც ახლა გვეუბნებიან. რუსეთს და ბელარუსსაც კი გადავასწარით, რადგან რუსეთმა ომის გამო გამოუშვა, ბელარუსმა ეტყობა რაღაც ქნა კიდევ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ლელო“ აღნიშნულ ამნისტიას ნარკორეალიზატორებისთვის და სამოხელეო დანაშაულებისთვის მსჯავრდებულების სასჯელის შემცირების გამო არ უერთდება, ხვიჩია აცხადებს, რომ „ეს შინაარსობრივად სისულელეა“.
„ჩვენ „ლელო“ ფარისეველი პოლიტიკური პარტია გვგონია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ პატიმრებს ელაპარაკებოდა, თითქოს, ამნისტია უნდოდა, თითქოს, რაღაცისთვის იბრძოდა, რაღაცას აკეთებდა, ახლა უბრალოდ შარზეა. ორი არგუმენტი თქვეს – ნარკოდანაშაულზე არ იყოს და სამოხელეო დანაშაულზეო. ჩემი აზრით, ორივე შინაარსობრივად სისულელეა, რადგან როცა ამნისტიის პროექტზე იწყებ მუშაობას, პრობლემური მუხლები არსებობს. მუხლები, რომელიც „ლელომ“ ჩამოაყალიბა, სინამდვილეში არც ერთი პრობლემური არაა. სამოხელეო დანაშაულზე სულ 52 ადამიანი ზის. რას ვერჩით ამ ადამიანებს? ჩვენ არ ვარჩევთ მუხლებს, ვამბობთ, ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემა მოწესრიგებული არ გვაქვს, მოდი, ყველა პატიმარს რამე შეღავათი შევახოთ, მკვლელებსაც, სამუდამო პატიმრობა მისჯილ ადამიანებსაც. ამ დროს „ლელო“ მოდის და მეუბნება, სამოხელეო დანაშაულზე არ გავრცელდესო, რადგან იპოპულისტოს – მიხეილ სააკაშვილზე არ მინდა გავრცელებაო, გეგონება, თვითონ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილს „შეუძვრეს“. ეს ხომ უბრალოდ პოპულიზმია, როცა ამბობ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და სამსახურებრივ გულგრილობაზე არ შევახოთო და დანარჩენებს უნდა შევახოთო?“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მან ასევე ისაუბრა სამოხელეო დანაშაულზე მსაჯავრდებულებისთვის ამნისტიის შეხების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ს გამო, უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ უნდა ეთქვას.
„მიხეილ სააკაშვილს 6 წელი მისჯილი აქვს ძირითადად, სამოხელეო დანაშაულისთვის. როგორ შეიძლება ისე გააკეთო სამართლიანი ამნისტია, რომ ერთი ადამიანის გამო – სააკაშვილის გამო, არ შეახო ამნისტია ადამიანებს, რომელთაც უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე სხვა ადამიანებს, ვისაც ეს ეხება. უგულავასთან ერთად მერიის ყოფილი თანამშრომლებიც დაიჭირეს, ის ხალხი ციხეში ზის, პრეზიდენტმა მარტო უგულავა შეიწყალა. ეს ხალხი ციხეში რომ ზის და ამნისტია არ უნდა შეეხოს, რადგან სააკაშვილს შეიძლება შეეხოს, ეს ხომ უსამართლობაა? როგორ შეიძლება ვინმემ ამიხსნას, რომ კარგი საქმის კეთება შეიძლება ღია უსამართლობით? არ ვიცი არგუმენტი, როცა სამუდამო პატიმრობა მისჯილს შეიძლება ამნისტია შეეხოს და ეს არ შეეხოს სამოხელეო დანაშაულში მსჯავრდებულს. იმის გამო, რომ სააკაშვილი არ მოგწონს, მეც არც ვგიჟდები, სხვა ადამიანებსაც ამნისტია არ შევახოთ, ჩემი აზრით, მამალი უსამართლობაა და ამ უსამართლობას ვერ დავიცავ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი