„თუ წითელ ზღვაში სიტუაცია გამოსწორდა იგივე წრეზე დავბრუნდებით“ – რა ვითარებაა ფეროშენადნობების სექტორში და რამ გამოიწვია ფასების მატება

2024 წლის 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან $42 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, წლიურად კლება 41%-ია. ფეროშენადნობის ექსპორტის შემცირების ტენდენცია გრძელდება, თუმცა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბაზარზე გარკვეული პოზიტიური ძვრებია.
დარგში არსებულ ვითარებაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით სურათი უკეთესია,
ბაზარზე ფეროსილიკომანგანუმზე ფასი გაიზარდა, რამაც რამდენიმე საწარმოს მისცა ბიძგი, რომ მუშაობა განეახლებინა.
ნუგზარ კევლიშვილის თქმით საქართველოში ფეროს შენადნობი დარგი 100%-ით დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. რუსეთ-უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე ევროპაში დაეცა მოთხოვნა, რასაც შემდეგ მიჰყვა -ც და აზიაც.
„თუ 2022 წლის თებერვალში ფასი 2500-2600 დოლარი იყო, 2023 წლის დეკემბერში 1050 დოლარი იყო, ახლანდელი მატება ძალიან დიდი სტიმულის მომცემი არ არის, ვითარება ახლაც დამოკიდებულია წითელ ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე, იქ თუ დალაგდა სიტუაცია და ლოგისტიკა მოწესრიგდა, ფასი დაიწევს და იგივე წრეზე დავბრუნდებით.“ – აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ინდუსტრიაში სტაბილურობის შენარჩუნება და დარგის გასავითარებლად ხომ არ უნდა დაწესდეს სექტორისთვის გარკვეული შეღავათები, ნუგზარ კევლიშვილი პასუხობს, რომ იაფი ელექტროენერგია შესაძლებელია გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთარში, მაშინ როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი კეთდება, იაფ ელექტროენერგიაზე საუბარი ზედმეტია.
„დარგს თუ გარკვეული შეღავათები ექნება ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ მეორე მხარეც არის, ფეროშენადნობზე შეღავათის დაწესებაზე როდესაც არის საუბარი, ამას მეტალურგებიც, პურის ქარხნებიც და დომინოს პრინციპით ყველა სექტორი მოითხოვს და იტყვის, რომ მისი დარგი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ამას კი ქვეყანა ვერ გასწვდება. წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას ჰქონდეს იაფი ელექტროენერგია ვიღაცას არა, თუმცა დარგისთვის ასეთ შეღავათები ცალსახად კარგია.
მსოფლიოს ეკონომიკა მსოფლიო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, როგორც კი ში ომი დაიწყო, ეს სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენც დაგვეტყო და მთელი მსოფლიო ჩაითრია, ასე დაიწყო ფასის კლება და მოთხოვნის შემცირება. წითელ ზღვაში კრიზისი გაგრძელდება თუ არა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ოდნავი პერსპექტივაც რომ გაჩნდეს ომი დასრულების, ფეროსილიკონმანგანუმზე მოთხოვნა გაიზრდება და დიდი პროექტები, რომლებიც გაჩერებულია, განახლდება და თუ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიქნებით, ეს სექტორისთვის დამღუპველი იქნება. ევროპაში მცირე გამოცოცხლებამ გამოიწვია ის, რომ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მცირე საწარმო ჩაერთო პროცესში, „ჯორჯიან მარგანეციც“ სპეციალური რეჟიმით მუშაობს, მაგრამ სული კბილებით უჭირავს რომ ბაზარზე დარჩეს და კადრები შეინარჩუნოს და გასულ წლებში აღებული კონტრაქტები დაასრულოს.“ – აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
რაც შეეხება ფეროშენადნობის ექსპორტის გეოგრაფიას, კევლიშვილი აღნიშნავს, რომ ძირითადი საექსპორტო ქვეყნები აშშ და თურქეთია, რაც შეეხება რუსულ ბაზარს კევლიშვილის თქმით, რუსეთში თურქეთზე ნაკლები ექსპორტი ხორციელდება და ასეთ მცირე ნიშნულზე ექსპორტის მაჩვენებელი არასდროს ყოფილა.
„წლებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან ევროპა, თურქეთი და აშშ-ია და ძირითადად ფოკუსირება ამ სეგმენტზე ხდება, რაღაც პატარა ნაწილი წელს და გასული წლის ბოლოს აფრიკაშიც გავიდა, მაგრამ ინტენსიური მუშაობა მიდის იმაზე, რომ დასავლეთში კიდევ უფრო მეტი პარტნიორი გავიჩინოთ“ – აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ