თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე დიდ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ყველა ძირითად ქალაქში, მათ შორის სტამბოლში, ანკარასა და იზმირში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს.
ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო ს პარტიამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც სურდა და რომლის იმედიც ჰქონდა.
„არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი. ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, არჩევნებში დემოკრატიამ გაიმარჯვა.
„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ არჩევნების აქტივობამ და შედეგებმა აჩვენა, რომ თურქეთში ერთი კაცის მმართველობა დასრულდა.
„ისევე, როგორც სტამბოლმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მთავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითებებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი. ეს დასრულებულია. რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით“, – აღნიშნა იმამოღლუმ.