თურაზაშვილი: ამ პარლამენტში თუ ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ვართ ქალები

· 53
·
·
ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, მათ შორის გენდერული საბჭოს ფორმატში, როგორ დავეხმაროთ და როგორ გავაძლიეროთ ადამიანები, სავალდებულო კვოტირების დაჩქარებული წესით ზარ-ზეიმით გაუქმებას აანონსებს ქართული ოცნება.
მომავალში შესაძლებელია და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ხელოვნური ჩარევა არ იქნებოდა საჭირო სავალდებულო კვოტირების სახით, მაგრამ დღეს ამის გაკეთება არ შეიძლება. ჯერ ძალიან ადრეა და დღეს ამის გაკეთება არის მავნებლობა, სამწუხაროდ. ამ პარლამენტში თუკი ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ქალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ესენი ვართ ქალები და განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე. ანუ, რა გინდათ, რომ ეს ხმა ჯერ შეამციროთ და მერე საერთოდ აღარ ისმოდეს?
მე მაქვს კითხვა გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან, ასევე, მაია ბითაძესთან, მაია ბოჭორიშვილთან, რიმა ბერაძესთან, თქვენ მოგწონთ ეს ყველაფერი? ეთანხმებით?
განაცხადა პარტია მოქალაქეების წევრმა, ქეთი თურაზაშვილმა პარლამენტში.
პირველ აპრილს გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში სურთ, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. ქართული ოცნება მის მიერვე მიღებული გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერს.