თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების წინააღმდეგ კიდევ ერთი პროფესორ-მასწავლებელი გამოდის.
თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, ლადო ნაფეტვარიძე ამბობს, რომ იმ დაშვებითაც კი, რომ რეფორმა იდეალურია, ის არასწორად ხორციელდება.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკუნეზე დიდი ხნის არის, გაუძლო კომუნისტების რეჟიმს და მაინც აქ დგას, მაინც ღირსეულად დგას […] მე პირადად, არ მინდა ვუყო ქართველების იმ თაობის წარმომადგენელი, რომელი თაობის დროსაც შეიძლება ჩამოიქცეს ქართველობის აი ეს, უმთავრესი ფუნდამენტი.
შეიძლება ეს რეფორმა იდეალურიც იყოს, მაგრამ ვხედავთ, თუ როგორ აწვდიან ამას საზოგადოებას, როგორ აწვდიან პროფესორებს, როგორ აწვდიან სტუდენტებს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რეფორმა არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს.
მინდა, ასევე, შევეხო ტექნიკურ დეტალს. კონკრეტული კითხვები რომ დავსვათ, ავიღოთ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჩვენთან ასწავლის 64 პროფესორი და ათეულობით კიდევ მოწვეული ლექტორი […] საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმავე მიმართულებით 140-მდე პროფესორია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაერთიანების შემთხვევაში, მარტო ეს ორი ფაკულტეტი რომ ავიღოთ, 200 პროფესორი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მოწვეულ ლექტორებზე […] როდესაც დაისვა კითხვა, 200-მა პროფესორმა რამდენ სტუდენტს უნდა ასწავლოს, ამაზე პასუხი იყო შემდეგი, რომ გასაგებია [უნდა იყოს], რომ ყველა ლექტორი ვეღარ დარჩება […] არ შეიძლება ამ პროცესის ასე პირდაპირ, ნაჯახით გაკეთება.
პირველ რიგში უნდა შეწყდეს ეს პროცესი. თუკი მართლა დიადი რეფორმა და ცვლილებები უნდათ, მაშინ ჩაერთოს ამაში ყველა, ვინც კი დაინტერესებული იქნება. იყოს საჯარო.
ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრე ხარ, ან მოწინააღმდეგე ხარ. ეს არის საერთო საქმე. ამიტომ, ავტონომია უნივერსიტეტს! მეტი ხმის უფლება სტუდენტებს, პროფესორებს და კურსდამთავრებულებს”, – ამბობს ლადო ნაფეტვარიძე.
თსუ-ის პროფესორ მასწავლებელთა მოსაზრებებს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, მოკლე ვიდეოების სახით ავრცელებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის შესახებ უნივერსიტეტების რექტორებმა, ჯაბა სამუშიამ და დავით გურგენიძემ მხოლოდ წინა დღეს გაიგეს. რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს – მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ინფორმაცია მედიით მიიღო.
გაერთიანებას ეწინააღმდეგება ორივე უნივერსიტეტი. როგორც თსუ-ის სენატმა, ისე სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტას. გარდა ამისა, იმართება აქციები როგორც უნივერსიტეტებთან და განათლების სამინისტროსთან. მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ცალ-ცალკე შეხვდა უნივერსიტეტების აკადემიური საბჭოს წევრებს, გუშინ, 6 თებერვალს კი უშუალოდ მინისტრი ესაუბრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ გადაწყვეტილება. შესაძლოა, გადაიხედოს.




