ლექტორის განცხადებით, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტზე მუშაობის უწყვეტი, 8-წლიანი სტაჟი ჰქონდა. იგი გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებად მიიჩნევს.
„ეს ფაქტი გასაოცარი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, რადგან შევიწროება და არასამართლიანი მოპყრობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსული კანონის მიღების პროცესიდან“, – აცხადებს თამარ ტატანაშვილი.
იგი „რეჟიმის მსახურებს“ უწოდებს იმ კოლეგებს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს არ აპროტესტებენ:
„პროფესიულ და ადამიანურ ღირებულებებს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რეჟიმის მსახურებს, რომლებსაც მეტი ფუნქცია უბრალოდ არ გააჩნიათ. თუმცა ნამდვილად საინტერესოა, რას აპირებეთ კოლეგებო და რამდენი ხანი აპირებთ ამ ყველაფრის ყურებას? მესმის, რომ ბევრი ბედნიერად გადაინაწილებს საათებს, მაგრამ ცუდი ამბავი არის ის, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ყველას მოგადგებიან“, – დაწერა მან ფეისბუკზე.
იგი საუბრობს უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების საჭიროებაზე, თუმცა ამბობს, რომ ეს ორი ცნება, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, „დიდი ხანია, ფორმალურად, კატეგორიებად იქცა“.
რადიო თავისუფლება ცდილობს უნივერსიტეტის პრესცენტრთან საპასუხო კომენტარისათვის დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
თამარ ტატანაშვილის თქმით, ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა აღარ ექნება: „ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი საქმე, რომელსაც მთელი გულით ვემსახურე“.
ორიოდე დღის წინ, 11 მარტს, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცერცვაძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
„უნივერსიტეტიდან გამაგდეს. ახლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები. დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო რეალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს…“ – ირონიით დაწერა ცერცვაძემ.
ყოველდღიური საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ საჯარო სექტორში დასაქმებული არაერთი ადამიანი, რომელიც არ იზიარებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ამას ღიად ამბობდა, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
დემონსტრაციები 105-ე დღეა, გრძელდება.
ფორუმი
