„ჩემპიონი დაბრუნდა“ — ასეთი გზავნილი გამოაქვეყნა ილია თოფურიამ ინსტაგრამზე, ვარჯიშის ამსახველ ფოტოებთან ერთად.
ესპანური მედია წერს, რომ „მატადორი“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ UFC-ში ბრუნდება და დიდი ალბათობით, 14 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. გეიჯი მისი წონითი კატეგორიის დროებითი ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, რაც UFC 324-ზე პედი პიმბლეტი დაამარცხა.
ბრძოლა, სავარაუდოდ, ვაშინგტონში, „თეთრ სახლში“ გაიმართება.
ქართველ-ესპანელი მებრძოლი ოქტაგონს დროებით ჩამოშორდა, რათა მოეგვარებინა პირადი პრობლემები და სამართლებრივი პროცესები, რომლებიც ცოლთან, ჯორჯინა უსკატეგუისთან დაშორებას მოჰყვა.
პოპულარული ესპანური სპორტული გაზეთის, Marca-ს ცნობით, ჯორჯინამ სარჩელი უკან გაიტანა და მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებსაც თოფურია სთავაზობდა. ანუ თოფურიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ დავა შეწყვიტეს.
თოფურია მუქარების შესახებ იტყობინებოდა
თოფურიამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ის განიცდიდა ზეწოლას და შანტაჟს ცრუ ბრალდებების საფუძველზე. მისი თქმით, ამ ბრალდებების მიზანი თანხის გამოძალვა იყო იმის სანაცვლოდ, რომ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარიყო: „ბოლო თვეების განმავლობაში ვიმყოფებოდი გაუსაძლის სიტუაციაში, ვგრძნობდი ზეწოლას და მუქარას, რომ გავრცელდებოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ოჯახში არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაც მხოლოდ ფულის სანაცვლოდ შეწყდებოდა. თუმცა სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს — ფაქტები. ყველა მათგანი სრულყოფილად არის დოკუმენტირებული და წარედგინება სასამართლოს სათანადო სამართლებრივი რეაგირებისთვის“, — ვკითხულობთ თოფურიას დეკემბრის განცხადებაში.
ესპანური პრესის ცნობით, ილია თოფურიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ სამართლებრივი დავა საბოლოოდ მოაგვარეს, რაც ჩემპიონს საშუალებას აძლევს, კვლავ გადაერთოს სპორტულ კარიერაზე.




