თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს

თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, რომ „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და უცებ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თორნიკე შარაშენიძის თქმით, „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ტრამპმა შეიძლება საქართველოსთვის ვერ მოიცალოს და თუ რამდენიმე თვე არაფერი მოხდა, ზეწოლა არ გაიზარდა დასავლეთიდან, მაშინ შეიძლება ქვეყანაში ყველაფერი დასტაბილურდეს.
„თუ ტრამპი რაიმეს გადაწყვეტს, შეიძლება ისეთი მძიმე სანქციები გამოისროლოს, რომ მართლა დაამთავროს აქ ყველაფერი, მაგრამ აქ ერთი კითხვა უნდა დავსვათ, კაცი, რომელიც ტიტანურ იდეებს ეჭიდება, გრენლანდიის შეერთება, კანადის შეერთება, უკრაინის ომის დამთავრება და ა.შ. ამდენ რამეზე ფიქრობს და აქედან რომ ვინმე ჩავიდეს და უთხრას – „საქართველო“, იტყვის, „მოიცა რა დროს ეგ არის“. დიდი შანსია, რომ ასე მოხდეს და ეს გასათვალისწინებელია. თუ იქნება რამე გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში მან უნდა გადაწყვიტოს.
თავს ისაწყლებენ „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერები, რომ ისინი ლობისტურ საქმიანობას არ ეწევიან, მაგრამ ასეც არ არის. მგონი, ეწევიან ლობისტურ საქმიანობას -ში, არ ჩანან, მაგრამ ეწევიან. ჯო უილსონი ჩანს იქითა მხრიდან. თუმცა, ტრამპთან რომ შეხვიდე და საქართველოზე ელაპარაკო, ეს ორბანსაც გაუჭირდება, მგონი და ოპოზიციის ლობისტებსაც გაუჭირდებათ. თუ ამ კაცმა უცებ გადაწყვიტა, რომ არ მომწონს, როგორ იქცევა ეს ხელისუფლება, ისეთი ხისტია, რომ შეიძლება უცებ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს, თუ აქამდე მივიდა საქმე, მაგრამ მივა?
ბიზნესიც მოლოდინის რეჟიმშია. ეშინია, რომ შეიძლება მოხდეს დარტყმა გარედან და ამან გამოიწვიოს პოლიტიკური დესტაბილიზაცია. თუ რამდენიმე თვე არაფერი არ მოხდა და გარედან ზეწოლა არ იქნება, ტრამპს შეიძლება უბრალოდ მიავიწყდეს საქართველო, შეიძლება ეს მოხდეს, მთავრობას ამის იმედი აქვს, როგორც ჩანს, არის შანსი, რომ დასტაბილურდეს ყველაფერი“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.