თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკაში დარჩენა

ბრიუსელმა და ევროკავშირის დედაქალაქებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უარი უთხრეს – ქართველმა ხალხმა თქვა, რომ დროშით ხელში ბრძოლას გააგრძელებდა, შესაბამისად, სტატუსიც მივიღეთ, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, როდესაც საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამით ქვეყანა იქნება მოგებული და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაითვლის შედეგს.
„მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა იქნება მოგებული და უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს საკუთარი პროგრესისთვის. ამიტომ ვისაც უნდა იმან ჩაითვალოს, ზოგმა სამართლიანად, ზოგმა – უსამართლოდ. ამ დროის მდგომარეობით, მნიშვნელოვანია, რომ მაისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს ომი წააგო. ამ ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ, მათ უარი უთხრეს.
ბრიუსელმა და ევროკავშირის დედაქალაქებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უარი უთხრეს. უთხრეს, რომ ისინი არ იმსახურებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, რაც მოხდა იმან მიგვიყვანა ბრძოლის ამ ეტაპამდე. როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ქუჩაში გადაგდებული ევროკავშირის დროშა ხელში აიღო ქართველმა ხალხმა, ქართულმა ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაღლა აღმართა და თქვა, რომ ამ დროშით ხელში ბრძოლას გააგრძელებდა. ეს ბრძოლა გაგრძელდა და, შესაბამისად, სტატუსიც მივიღეთ“, – განაცხადა ხიდაშელმა.
გადაცემაში მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ პროგნოზზე და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და ის ქართულ პოლიტიკაში დარჩება.
„ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკაში დარჩენა. მას არ აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, რადგან სხვა შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუ სერიოზული გეგმა აქვს, მას შეუძლია იმუშაოს იმისათვის, რომ დარჩეს პრეზიდენტად, პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს რომელიმე საარჩევნო კამპანიას და მიიღოს გარანტია, რომ გამარჯვებული პარტია პრემიერ-მინისტრად წარადგენს ან დატოვებს ქვეყნის პრეზიდენტად“,- განაცხადა ხიდაშელმა.