თინა ბოკუჩავა – სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, რომლის უკანონო ტყვეობის დასრულების უფლებამოსილება თავად ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი – „რუსული ოცნების“ გარდა ყველა უერთდება პეტიციას

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბიკუჩავამ ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტი კამპანია „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას მართავს, მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიტანა.
როგორც სასახლეში შესვლამდე ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პეტიციით უერთდება კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” და გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულ პეტიციას ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემს.
“მე მაქვს დიდი პატივი პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადავცე პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იმყოფება უსამართლო და უკანონო ტყვეობაში. ის არის პუტინის პირადი პატიმარი, რომლის უკანონო ტყვეობის დასრულების უფლებამოსილება და შესაძლებლობა თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამიტომ, უერთდება ის ამ პეტიციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა იყოს კონსოლიდირებული, ერთიანი და ეს ასეც არის. დღეს რუსული ოცნების გარდა ყველა უერთდება პეტიციას და ჩემთვის დიდი პატივია სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია “ჩემი ხმა ევროპას” გადავცე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამით ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა ბიკუჩავამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დაურთავს სააკაშვილის აღნიშნულ პეტიციას საქართველოს მოქალაქეების სხვა ხელმოწერებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ბოკუჩავა პასუხობს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ყოველგვარ პიროვნულ განსხვავებებზე მაღლა ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესის დაყენება.