კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მისვლას, საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ტრიბუნაზე სალომე ზურაბიშვილის ადგილი არ იყო:
“თვითონაც უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომ იმ ტრიბუნაზე მისი ადგილი ხელისუფლებასთან ერთად ვერ იქნებოდა. ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს [სტატუსს] და მისი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ვნახეთ, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგაც და უკვე ევროსაბჭოს მხრიდან ოფიციალურად მონიჭებული სტატუსის შემდეგაც, მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ მიმართულებით, რომ დადებითად შეეფასებინა ქვეყნის ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევა”, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.