თეონა ჭალიძე – ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ

ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ 33 ოჯახისთვის სახლის დანგრევას.
ჭალიძე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას მოითხოვს და ამბობს, რომ რეგულაციები მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს.
„აფრიკაში მერიის ,,ღამის ნგრევის სპეცოპერაციის“ შესახებ გავიგე, როცა დამირეკა შეშინებულმა ორსულმა ქალმა, რომელიც სხვა ნაგავსაყრელზე ცხოვრობს მსგავსად აფრიკაში მცხოვრები იმ 33 ოჯახისა, რომლებსაც მერიამ შუაღამეს სახლები დაუნგრია.
მინდა ვკითხო თბილისის მერს: ბატონო კახა ნგრევა მარტივია?! ვთანხმდებით, რომ უნებართვოდ სახლები არ უნდა შენდებოდეს არავის მიერ. ეს აკრძალვა მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს. მერიას კი იმიტომ ჰყავს იმხელა ზედამხედველობის სამსახური, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელია დასაქმებული რომ აშენებულ სახლებს კი არ ანგრევდნენ, სანამ აშენდება მანამდე გააკონტროლონ მონიტორინგის შედეგად. ახლა რაც შეეხება იმ ოჯახებს, ვისაც ასე უგულოდ და ბედის ანაბარა ტოვებენ ღია ცის ქვეშ ამ სიცივეში, წინასაახალწლო საჩუქარია ეს იქ მცხოვრები ბავშვებისთვის? მერიამ უნდა უზრუნველყოს იმ ოჯახებისთვის ქირის გადახდა ან სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ვისაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ეს სტატუსები მათ შევახსენებ, რომ მინიჭებული აქვთ სწორედ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე.
თუ ამ სტატუსების ქონას შესაბამისი მხარდაჭერა არ მოჰყვება მერიის თუ სხვა უწყებების მხრიდან, მაშ რა ფუნქცია აქვს ამ სტატუსის აღმნიშვნელ ფარატინა ფურცლებს? მოვითხოვ, რომ ყველა ოჯახი, რომელსაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და სოციალურად დაუცველის სტატუსი, ჩართული იყოს ბინის ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ან/და შეთავაზებულ იქნას სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა.” – განაცხადა ჭალიძემ.
თეონა ჭალიძის აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება