თეონა აქუბარდია – ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს და ამ მიზნით, ორ კანონპროექტს არეგისტრირებს, რითაც კონსტიტუციას არღვევს

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს და ამ მიზნით, არეგისტრირებს ორ კანონპროექტს, რითაც, მისივე შეფასებით, კონსტიტუციას არღვევენ.
„ქართულ ოცნებას“ რომ ბავშვთა უფლებები ადარდებდეს, ის რეალური პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელებდა, მაგრამ ამ მოცემულობაში ორი ინიციატივის დარეგისტრირება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ გზით კონსტიტუციას არღვევენ და წინასაარჩევნოდ, იქამდე, სანამ საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებენ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის. ამ მოცემულობაში, ამით ხსნის „ქართული ოცნება“ თავის საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, ის დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ პროტესტი ყველას უფლებაა, თუმცა მუშაობას პარლამენტში აპირებს.
„არ ვიცი, ვინ, რას აპროტესტებს. ამ ქვეყანაში ჯერჯერობით, კიდევ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პროტესტი ყველას უფლებაა. მე ვაპირებ პარლამენტში, ასევე საზოგადოებასთან ვიმუშაო იმისთვის, რომ დეტალურად ავუხსნა, ეს კანონი რატომ არის რუსული“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერით „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. დარეგისტრირებულია ორი საკონსტიტუციო ინიციატივა.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.