თენგიზ შარმანაშვილი – საგამოძიებო კომისიის დასკვნაში უამრავი ფაქტია, რომელშიც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩანს, მათ შორის იმ პირების მხრიდან, რომლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენიათ – მე რომ პროკურორი ვიყო, პირთა წრე გაფართოვდებოდა

ეს არ იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომ „მე ასე მიმაჩნია, მორჩა და გათავდა“ – არც ერთი ფაქტი არ იქნება წყაროს და მტკიცებულებების მითითების გარეშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტი მოცულობითია და ის 400-ზე მეტ გვერდიანია.
„დასკვნა შედგება სხვადასხვა თავებისგან და ეს თავები მოიცავს მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მის შეფასებებს. არც ერთი ფაქტი, რომელიც არის მოხმობილი, არ იქნება წყაროს და მტკიცებულებების მითითების გარეშე. ეს არ იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომ „მე ასე მიმაჩნია და მორჩა და გათავდა“. ეს იქნება დოკუმენტი, სადაც ყველა ფაქტზე იქნება მითითებული შესაბამისი მტკიცებულება. ექნება მას დანართები, როგორც დოკუმენტური მასალა, ასევე ვიდეომასალა. ძალიან მძიმე ფაქტები გამოიკვეთა, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, ქონებრივი უფლებების დარღვევაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. ასევე, არის უამრავი მასალა 2008 წლის ომთან დაკავშირებით…,“ – განაცხადა შარმანაშვილი.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება გაიზარდოს იმ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, პასუხობს, რომ ეს პროკურატურის შესაფასებელია.
მისივე თქმით, დოკუმენტში არის მითითებული უამრავი ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს პოტენციურად, როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მათ შორის, იმ პირების მიმართ, როლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენია.
„პროკურატურაში გაიგზავნება ყველა მასალა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის, დასკვნაც. პროკურატურის საქმეა, ვის მიმართ ჩათვლის საჭიროდ, რომ დევნა განახორციელოს. დოკუმენტში არის მითითებული უამრავი ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს პოტენციურად, როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენია. დანარჩენი პროკურატურის შესაფასებელია. მე რომ პროკურორი ვიყო, პირთა წრე გაფართოვდებოდა იმ არსებული მასალიდან გამომდინარე, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ვინმეს ბრალი წავუყენო,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.