თეა წულუკიანი – ჩორჩანაში საგუშაგოს საკითხზე კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს

ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა 2019 წელს, „შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად“.
„საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს.
რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წლის ივლისამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, არაერთი წლის განმავლობაში ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას, ინციდენტების პრევენციისადა მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.
საგამოძიებო კომისიის აზრით, ყურადღებას საჭიროებს ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ როლიც, რომლის საქმიანობასაც მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება, როგორც სოფელ ჩორჩანაში, ასევე სოფლებში: ატოცი და აბანო“, – აღნიშნა წულუკიანმა.