გუშინ, 4 თებერვალს, თბილისში ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ირანის მოქალაქე დააკავეს.
მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც კადრებში ჩანს, პატრული მას გზის მეორე მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს, თუმცა ირანის მოქალაქე პოლიციას ეუბნება, რომ მას არ ესმის რას ეუბნებიან და თარჯიმანს ითხოვს, რის შემდეგაც მას პოლიცია აკავებს.
„ეს კაცი მაჰსა ამინის გამო პროტესტის დროს ირანში ციხეში ჩასვეს 3 წელი. ირანშიც ციხეში იყო, ახლა საქართველოშიც ციხეშია. კითხვა მაქვს, რატომ მოხდა ასე უცებ ყველაფერი? რას აკეთებდა? ქუჩაში იყო, თავის ქვეყნის საელჩოს წინ“, – ამბობს ერთ-ერთი ირანელი „ტვ პირველთან“.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ირანის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.




