“თარგმანში დაკარგულების” მომდევნო სერია – ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშზე

ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
GRECO-ს შემაჯამებელი ანგარიში 2024 წლის 22 მარტს გადაეცა საქართველოს და რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ მას შემდეგ თარგმნის პროცესია დაწყებული.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე! საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას! 2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა. ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება. პლენარული სესიების ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიშებთან ერთად დამტკიცდა: 1. იტალიისა და სომხეთის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშები; 2. საბერძნეთის, ლიეტუვის, საფრანგეთის, ბელგიისა და ხორვატიის მე-5 რაუნდის პირველი ან მეორე შესაბამისობის ანგარიშები; 3. საქართველოს, იტალიის, ბელგიის და გერმანიის დამატება ან მეორე დამატება მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე; 4. ყაზახეთის შეფასების პირველი და მეორე რაუნდის შესაბამისობის გაერთიანებული ანგარიში; 5. შვეიცარიის შეფასების მესამე რაუნდის მეორე დამატება მეორე შესაბამისობის ანგარიშზე. GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას. 2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა. ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე,” – წერია განცხადებაში.
საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.
GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.
ცნობისთვის, ქართული ოცნებისთვის, ხან შოლცის თარჯიმანი არ ვარგა, ხან საელჩომ ვერ თარგმნა სწორად დოკუმენტი, მოკლედ, თარგმანი უკვე მათთვის მართლა აქილევსის ქუსლი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის