თამთა მიქელაძე – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის პროცესში ასეთი რადიკალური უკუსვლა საქართველოში არასდროს ყოფილა

ყველა ცვლილება, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ იღებს, კონტროლზე, შანტაჟზე და დაქვემდებარებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
თამთა მიქელაძის შეფასებით, რეალობა მივიდა იმ დონემდე, რომ ხდება აქამდე არსებული უფლებების ჩამორთმევაც კი.
„ასეთი რადიკალური უკუსვლა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის პროცესში, როცა ეს უკუსვლა ხდება არა მხოლოდ პრაქტიკით, არამედ სამართლის დონეზე, საქართველოში არასდროს ყოფილა. ეს არის ლეგალისტური ავტოკრატიის ფენომენი. არის ერთპარტიული, დაუბალანსებელი ხელისუფლება, რომელსაც მძიმე ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. ამ ხარისხის ლეგიტიმაციის კრიზისი არცერთ წინა ხელისუფლებას არ ჰქონია.
ჩვენ ვხედავთ, რომ საკანონმდებლო ძალაუფლებას იყენებენ ადამიანების ჩაგვრისთვის, დაქვემდებარებისთვის, კონტროლისთვის და სადაც კი შეიძლება, რომ მისწვდნენ მოქალაქეებს და ჩამოართვან უფლებები, ყველაფერს სწვდებიან. ამ ცვლილებების დროს პრინციპში მათ საერთოდ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი. როგორ შეიძლება მათ არ ჰქონდეთ ინტერესი, რომ მინიმუმ მოწონებას, სიხარულს ან ჩუმ თანხმობას მოიპოვებს საზოგადოებაში? მათ ყველა გადაწყვეტილება არის რეპრესიაზე, დასჯაზე და კონტროლზე ორიენტირებული.
ბოლო პერიოდში პოპულისტურ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. მძიმე ცვლილებები შევიდა მიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პოლიტიკური თავშესაფრის მღების სტანდარტები და პროცედურები პრაქტიკულად გააუქმეს. ახლა საუაბრია იმაზე, რომ მიგრაციის წესების დარღვევით მყოფ უცხოელებთან სახლში შევარდნისა და დეფაქტო ჩხრეკის უფლება აქვთ სათანადო სამრთლებრივი გარანტიების გარეშე. ახლა კიდევ ხდება ნარკოპოლიტკის მიმართულებით მდგომარეობის გაუარესება. ის, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიიღწა, რომ მარიხუანაზე კრიმინალიზება არ მომხდარიყო, ახლა აქედანაც უკუსვლა ხდება“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.