თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – რა ამბავში ხართ აქ, ამოვიდა ყელში! – ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს, როგორ ბედავთ, თაობებმა ქვეყანა სისხლით მოიტანეს, რა რუსული კანონი?!

ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს! საერთოდ როგორ ბედავთ ამის გაკეთებას. თაობებმა ეს ქვეყანა სისხლით მოიტანეს, რა რუსული კანონი! , – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, რატომ აყენებენ ასეთ მდგომარეობაში თავს.
„12 წელიწადია ხელისუფლებაში ხართ, რა მეგის ქარდავა?! რა იციან ახალგაზრდებმა გუშინ სხვა რომ იდგა. მეგის ქარდავა ვისაც უნდა გაესამართლებინა, პირველ კაცად გყავთ სასამართლოში. ამ სასამართლოთი გინდათ არასამთავრობოებში, ვიღაც გახრწნილი პროკურორი რომ მოსდებს მიზეზს, სად მიაკითხონ იმ ხალხმა, იმ არასამთავრობოებმა ვის უნდა მიაკითხონ? კორუფციაში ჩაფლულ მოსამართლეებს? უკუღმა რატომ აკეთებთ? ეს ხომ ეჭვშესატანი ამბავია. რა მეგის ქარდავა? ვის ელაპარაკებით მეგის ქარდავაზე, მე? 15 ქალი რომ ვიდექით რუსთაველზე, ჩემ გვერდით არ მახსოვს ნინო წილოსანი. რა ამბავში ხართ აქ! ამოვიდა ყელში ! 12 წელია მოსულები ხართ ხელისუფლებაში რა მეგის ქარდავა? დაიჭირეთ მერე, ვინ დაგიშალათ, რომ დააწინაურეთ ის მურუსიძე და პირველ პირად რომ აქციეთ. გახრწნილი მურუსიძე თავისი ჩინჩალაძეებით! რატომ იყენებთ ასეთ მდგომარეობაში თავს? თქვენი ოთახები არ გენანებათ, ჩვენი საქართველო გვენანება. გადასაბარებლად ამზადებთ? ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს! საერთოდ როგორ ბედავთ ამის გაკეთებას. თაობებმა ეს ქვეყანა სისხლით მოიტანეს, რა რუსული კანონი!“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნებაა”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.