სტატია ქვეყნდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან ტაბულას შეთავაზების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიის ხარისხის გაუმჯობესებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ ულიმიტო შესაძლებლობა, წამოჭრან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რედაქცია შეიძლება, არ იზიარებდეს ავტორის გამოთქმულ მოსაზრებებს.
თუ პირველად იყო სიტყვა, კონფლიქტიც მალე მოჰყვებოდა.
კონფლიქტი ძველია, ადამიანზე ძველი. ჩვენ მხოლოდ ფანტაზიის ხარჯზე გავამრავალფეროვნეთ, შემოქმედებითი გავხადეთ, სრულყოფილებამდე ავიყვანეთ.
დიდ, ორგანიზებულ კონფლიქტს ომი ვუწოდეთ; ომის ორგანიზებას – ხელოვნება.1
ჰომეროსიც ომს რომანტიზირებდა და ვირგილიუსიც; ფირდოუსიც და რუსთაველიც. ომმა შვა და დაკრძალა ცივილიზაციები. ადგენდა და დღემდე ადგენს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას.
მონარქთა ომებს ხალხთა ომები მოჰყვა; ხალხთა ომებს პირველი მსოფლიო; პირველსმეორე; მეორე – ცივი და ეს ორი უკანასკნელი, 44-წლიანი ინტერვალით, სიმბოლურად, ერთსა და იმავე ქალაქში დასრულდა – ბერლინში: ერთხელ სრული, მეორედ – ერთი “საყრდენი“ კედლის დანგრევით.
ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფი და „ისტორიის დასასრული“ იზეიმა დროებამ:
“რისი მოწმენიც ვართ, არა მხოლოდ ცივი ომის… არამედ ისტორიის, როგორც ასეთის დასასრულია: ეს ნიშნავს… დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციას და ადამიანთა მმართველობის საბოლოო ფორმად ჩამოყალიბებას.“ (ფუკუიამა.1989)
თითქოს მართლაც აღარ დარჩა კაცობრიობას დიდი ომის საბაბი: იმპერიული ბოროტებაც დამარცხდა და იდეოლოგიურიც (ფაშიზმი; კომუნიზმი), მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ თავისუფალი სამყაროს ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტას ყოველთვის ასეთი უნივერსალური, საერთო საზიარო სიკეთეები ადარდებდა. ეწვრილმანებოდა და დღემდე ეწვრილმანება ყველაფერი დანარჩენი; ადამიანთა რაციონალურობის იმედად ტოვებს.
ასე მიანდეს რაციონალს 90-იანებში ისევ ლიბერალური ხელით გათავისუფლებული და უკვე მეორე დღეს ერთმანეთთან დაპირისპირებული უამრავი “წვრილმანი“ ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი იდენტობა. რაციონალი უნდა მოვლენილიყო გამშველებლად, დეკოლონიზებული სივრცეებისა და სიკეთეების ერთგვარ „უდიდეს საერთო გამყოფად“. მაგრამ სამწუხაროდ, იგივე ბალკანეთში—ხორვატებს, სერბებს, ბოსნიელ მუსლიმებს – არ აღმოაჩნდათ არაფერი საერთო და მითუმეტეს “გამყოფი“. აი, გასაყოფი კი უამრავი და პირველ რიგში – მიწა.
მიწა გახდა გასაყოფი მოლდოვაშიც, ჩვენთან, ყარაბაღშიც.
მარტივ რიცხვებს უფრო ჰგავდნენ ტოტალიტარული ანესთეზიიდან ახლადგამოსული იდენტობები, ვიდრე შედგენილ რაციონალურ აქტორებს. მარტო ეთნო-ემოციური პასუხი ჰქონდათ კითხვაზე – “ვინ ხართ თქვენ?“ /ან “ვინ ვართ ჩვენ?!“/.
ორ ასეთ დაპირისპირებულს კი, მხოლოდ ერთი “საერთო გამყოფი“ შეიძლება ჰქონდეს და თუ ეს ერთი არ იქნება საღი აზრი, აუცილებლად იქნება ვინმე ერთი – ორივეზე ძლიერი.
ბალკანეთში დასავლეთი ჩაერია და ჩაერია დასავლური ზაგრების მხარეს. ჩვენ კი პირდაპირ რუსეთი გვეომა და გვეომა როგორც მხარე. მოლდოვასაც რუსეთი ეომა; ყარაბახშიც რუსეთმა თქვა სიტყვა.
მაშინ “წვრილმანების“ გამო რუსებთან ხელახალ ესკალაციას მოერიდა ლიბერალური სამყარო. პირადად ბორის ელცინზე “სიმბოლური ძალადობით“ ტკბებოდა. ელცინი კი ამ ძალადობის მსხვერპლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბურდიესეულ “თანამონაწილეს“, რასაც მისივე ბიპოლარული, “ცივი მშვიდობის“ რიტორიკა მოწმობდა.
ბოლოს აგორდა აზრი, რომ ელცინისგან ფიზიკურად ვერ, მაგრამ პუტინისგან ნამდვილად დადგებოდა “ათათურქი“: ;
“რუსეთის მთავარი პრობლემა… იმპერიული სინდრომია, რომლისგანაც ჯერ ვერ გავთავისუფლდით“ (პუტინი. 1999).
სამწუხაროდ, პუტინისგან დადგა – პუტინი, მაგრამ სანამ დადგებოდა, 11 სექტემბერი მოხდა და შეერთებული შტატების პასუხმა ცივილიზაციური სიმძლავრით შემოაბრუნა დაპირისპირებათა ტალღა. პასუხმა, რადგან თავად 11 სექტემბერი წინა საუკუნის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, ისლამური სამყაროს გადაჭარბებული ისლამიზაციის ნაადრევი კულმინაცია იყო.
ახალი მილენიუმის პირველი წლებიც ერაყულ და ავღანურ კამპანიებს შეეწირა. აი დანარჩენი უკვე, ოთახში არა ერთი, არამედ ორი სპილოს ხელახალ აღმოჩენას – ისევ რუსეთის და ჩინეთის.
დიახ, ხელახალს, რადგან ჩინეთი ამასობაში და მოულოდნელად არ გამხდარა ეკონომიკური ბუზიდან სპილო, როგორც ეს სამზარეულოს საუბრებშია ხშირად მოწოდებული. დღეს უკვე ორმოცს გადაცილებული სპილოა. რუსეთი კი სულ სპილო იყო, უბრალოდ პუტინის ნამდვილი ხმა გავიგეთ მიუნხენში 2007 წელს, ნამდვილი სახე ვნახეთ “თაიმსის” ყდაზე, ნამდვილი ზრახვები საქართველოს სინამდვილედ იქცა 2008-ში, უკრაინის სინამდვილედ 2014-ში, შემდეგ 2022-ში და როგორც იქნა, მსოფლიომ ეს ყველაფერი დაიჯერა.
ამასობაში, “ჰიბრიდული ომის“ ცნებამ ცხელი-ცივი ომების დიქოტომია მოშალა.
ათას კილომეტრსა და მეტზე გადაჭიმული უკრაინული ფრონტის პარალელურად, მწვავე საინფორმაციო და გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტების ომში ჩაება მსოფლიო.
რეალურმა პოლიტიკამ ჩაიბარა წესრიგი.
ფუკუიამასთვის “დასრულებული ისტორია“ “შურისძიებით“ დაბრუნდა კრასტევისთვის, ხოლო კაპლანისთვის – “გეოგრაფიის შურისძიებით“.
თითქოს მართლა “ლომთა ხვედრი“ გახდა თავისუფლება.
***
თავისუფლება – ნების ხვედრია.
ყველას ხვედრია, ვისაც ამის რაციონალური ნება აქვს.
მტკიცე და რაციონალური, რადგან აღქმების უზურპატორთა ნებაა, საპირისპირო გვიმტკიცონ. დაგვაჯერონ, რომ წილი სადღაც ნაყარია, ზეთი უკვე დაღვრილი.
ერთ ასეთს, ნებით რეალისტ, ხედვით კი – ფატალისტ სემუელ ჰანთინგტონს სულ მარტივ მამრავლებად აქვს დაშლილი რუსეთის “რესტავრაციული ნოსტალგიაც“, “ისლამის აღორძინებაც” და აზიის ჩემთვის მაინც თითიდან გამოწოვილი აზიაციაც.
გეოპოლიტიკის ბევრი ექსპერტი იტყოდა, რომ დღევანდელობაც მეტწილად ზუსტად აქვს ნაწინასწარმეტყველები. ამიტომ ამოვიჩემე. არ მტოვებს განცდა, რომ მის აბზაცებს და ფოტო-სტატიკურ აღქმებს ციტირებენ. 1993 წელს, Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ “ცივილიზაციათა შეჯახებას” იმდენად არ ვგულისხმობ, რამდენადაც ოდნავ გვიან, ოდნავ გრძელი სათაურით გამოცემულ წიგნს – “ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“ (1996).
“დასავლეთსა და დანარჩენს“ შორის დაპირისპირების გარდაუვალობაა ასობით გვერდის შემკვრელი თეზისი. “დანარჩენის“ ერთ “საკვანძო სახელმწიფოდ“ – რუსეთს ხედავს ავტორი, მეორედ – ჩინეთს. ისლამურ სამყაროს ასეთი რომ აღარ ჰყავს – თურქეთის ტრაგედიად მიიჩნევს. ლიბერალური წესრიგის “უნივერსალიზაციას“ გამორიცხავს, რადგან სხვა სიტყვაში გახვეული დასავლეთიზაცია ჰგონია. შუალედებში კი ხდება შემდეგი:
ჰანთინგტონი “ადგენს” – მეოცე საუკუნის ყველა დიდი პოლიტიკური იდეოლოგია დასავლეთის პირმშოა, მაგრამ არცერთი დღემდე ძლევამოსილი რელიგია არ არის იგივე ცივილიზაციის ნაყოფი.
ჭეშმარიტებაა, ვერაფერს იტყვი!
შემდეგ ცივილიზაციური კუთვნილების საკრალიზაციით კავდება: კულტურა დაპირისპირებულ იდეოლოგიებს აერთიანებს, მაგრამ იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებული განსხვავებული კულტურები მუდმივ დაპირისპირებაში იქნებიან.
ნაწილობრივ ვეთანხმები. თან ოსტატურად მოჰყავს ორ-ორი გერმანიისა და კორეის მაგალითები: დაინგრა კედელი, გაერთიანდა გერმანია – გააგრძელა ხალხმა ცხოვრება. თუ კორეა გაერთიანდება, კორეელობა და კორეული კულტურა ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა დადგება. დაპირისპირების ნაწილში, საბჭოთა კულტურული ინჟინერიის კოლაფსით იცავს არგუმენტს და სწორედ აქ ავლენს სისუსტეს, რადგან მარქსიზმ-ლენინიზმის გარდა, არც მახსენდება იდოლოგია კულტურათა ბრუტალური “გაერთმნიშვნელიანების“ პრეტენზიით.
მეტიც, ჩინეთის “საბაზრო კომუნიზმს“ თუ არ ჩავთვლით, რაც არსობრივად ოქსიმორონია, დღეს სულ ორი დიდი იდეოლოგია დარჩა – ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი. პირველი რაციონალურ აზრს ეთაყვანება, მეორე – “ნაციონალურს“, მაგრამ პრაქტიკაში – ორივე ლიბერალურ წესრიგზე დგას.
თეოკრატიისა და ავტორიტარიზმის ნარჩენებს მიღმა, უკვე “გააერთმნიშვნელიანა“ სამყარო ლიბერალურმა წესრიგმა. ამრიგად, კულტურათა მუდმივ დაპირისპირებაზე საუბარი უფრო ფატალიზმია, ვიდრე რეალიზმი.
უბრალოდ, ჯერ კაცობრიობა არ ასულა თვითგამორკვევის ისეთ ხარისხში, რომ ფუკუიამასეულ “უნივერსალიზაციას” საჯაროდ მოაწეროს ხელი, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიმაჩნია, რომ სწორედ დღევანდელი რეალისტების არაპროგნოზირებადობისა და ცხოველური ინსტინქტურობის გამო, უფრო ჩქარა ავა.
არ შემცდარა ფუკუიამა. იჩქარა, ან ისევ ლიბერალურმა რომანტიზმმა მოგვანდომა ყველაფერი “ეგრევე“.
უდრის კი ლიბერალიზმის უნივერსალიზაცია ნებით დასავლეთიზაციას? მაშინ, იგივე ჰანთინგტონისეული ადგილ-წარმოშობითი მსჯელობით, გაქრისტიანება – ნებით “ახლო-აღმოსავლეთიზაცია“ გამოდის.
ჯამში, კისინჯერისა და ბრჟეზინსკის მიერ ასე ნაქები წიგნის ავტორი გვეუბნება, რომ ცივილიზაციური რუკაა მსოფლიოს ნამდვილი პოლიტიკური რუკა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გეოგრაფია აღარაა მთავარი ცივილიზაციური მსაზღვრელი (მაგ: ავსტრალია დასავლური ცივილიზაციის ნაწილია), ამ რუკაზე ცვლილებები მაინც ძნელად წარმოსადგენია. სადაც ხარ – იქ ხარ; იქაურობისა და იქაურთა ბედს კი, შესაბამისი “საკვანძო სახელმწიფო“ გადაწყვეტს (ჩვენს შემთხვევაში – რუსეთი).
ცივილიზაციას კულტურას რომ უტოლებს, ხოლო კულტურას რელიგიას – სწორია. დანარჩენი კვლავ ფატალიზმია და მეტი არაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანთინგტონი არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინც ვესტფალიით იწყებს კაცობრიობის ისტორიის ათვლას, ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე რაც მოხდა – არ მომხდარა.
მანამდე კი მოხდა ის, რომ რელიგიათა სახელმწიფოებრივ რანგში აყვანამ დაუდო სათავე კულტურათა ახალ წყაროებს, რომელთაგან ზოგი მდინარედ, ზოგიც ზღვად და ოკეანედ იქცა.
შესაბამისად, ყველანაირი კულტურულ-ცივილიზაციური კუთვნილება დღეს – გუშინდელი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.
პოლიტიკურმა ნებამ გააქრისტიანა რომი და საქართველო. პოლიტიკურმა ნებამ აარჩევინა ბალტიისპირეთს კათოლიციზმი. ვესტფალიის ზავიც პოლიტიკური ნებამ დადო და სანამ ასეთი ნება არსებობს, არაფერი დარჩება სამყაროში ზუსტად ისე, როგორც არის დღეს.
პოლიტიკურია ის საერთო ნება, რომლის ხვედრიცაა თავისუფლება.
ჰანთინგტონიც ამას ამბობს, როდესაც დიდი ცივილიზაციური ცვლილებისთვის საჭირო მდგენელებს აღწერს:
“პირველ რიგში, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა უნდა უჭერდეს მხარს და ენთუზიაზმით ეკიდებოდეს ამ ნაბიჯს. მეორე, საზოგადოება უნდა იყოს მზად იდენტობის ხელახალი განსაზღვრისთვის. მესამე, მიმღები (მასპინძელი) ცივილიზაცია და უმეტეს შემთხვევაში, დასავლეთი – უნდა იყოს მზად ‘ახალმოქცეულის‘ მისაღებად.“ (ჰანთინგტონი. 1996).
ამ “შესაკრებთა“ ნაცვლად, პირდაპირ რომ დაეწერა: “საჭიროა საერთო პოლიტიკური ნება“ – ჯამი და შინაარსი არ შეიცვლებოდა.
და თუ ეს დათქმა ჭეშმარიტია ცივილიზაციური არჩევანისთვის, ჭეშმარიტია ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებისთვის და თავად თავისუფლებისთვისაც ჭეშმარიტია, რადგან ბედის სადავეებთან აჩენს ნებას.
***
სიტყვასიტყვით “ცივილიზაციათა შეჯახებას“ რაც შეეხება, მორიგ ისტორიულ წიაღსვლებს რომ ავცდე, ალეგორიულად გავაგრძელებ: მაგალითისთვის ლიბერალიზმი და ისლამი – ფუნდამენტურად სხვადასხვა ტიპის დიდი რიცხვებია: ლიბერალიზმი უფრო კენტი, როგორც ინდივიდუალიზმისა და ერთეულის, ხოლო ისლამი – ლუწი, როგორც თემისა და ერთობის სიმბოლო. მართალია, იგივეს საპირისპირო ინტერპრეტაციაც შესაძლებელია (ლიბერალიზმი პლურალისტურია, ისლამი – სინგულარული), მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთზე უნაშთოდ ვერ გაყოფ.
იდენტობას წილადად თუ წარმოვიდგენთ—ლიბერალიზმი ხშირად მოგვევლინება ქრისტიანული დასავლეთის “მრიცხველად“. ისლამი კი დღემდე ყოველივე მუსულმანურის “მნიშვნელია“, განსაკუთრებით ახლო-აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში.
იგივე ალეგორიის ჭრილში და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მარქსიზმი (რომელიც ასევე ქრისტიანული დასაველთის პირმშოა), პერიოდულად გვხვდება მუსულმანური სამყაროს “მრიცხველად“ (სავარაუდოდ ისევ კოლექტიური იდენტობისა და ბრძოლის ეთოსის ხარჯზე), ფეხმოკიდებული ლიბერალიზმი – არა.
“(არაბულ სამყაროში) ლიბერალიზმსა და ეროვნულ ბურჟუაზიულ ტრადიციებზე წერა – ნეკროლოგების წერას ჰგავს. იმ ადამიანთა ნეკროლოგების, რომლებიც შეუძლებელს შეეჭიდნენ და ყოველ ჯერზე დამარცხდნენ.“ (ფუად აჯამი. 1981).
ქრისტიანობაც “მნიშვნელია“. უამრავი დასავლური იდენტობის “უმცირესი საერთო მნიშვნელი“. აი, ქრისტიანულ-მუსულმანურ კულტურათა მსხვილი პოლიტიკური “გაერთმნიშვნელიანება“ ჯერ არ გვინახავს (BRICS-ს სერიოზულად ვერ აღვიქვამ) და რატომღაც ქრისტიანებს დაბრალდათ ხელის შეშლა:
“ევროკავშირი ქრისტიანული კლუბია. მხოლოდ ერთი მიზეზით არ გვიღებენ თურქეთს – ჩვენი რელიგიის გამო. ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით.“ (თურგუთ ოზალი. 1992).
მართალია, კლასიკური ევროპული გაგების ლიბერალები ხშირად განუჭვრეტელ მომავალში ვხედავთ უზენაეს საკაცობრიო სიკეთეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ან 90-იანებში, ან მერე, ან სულაც დღეს—პირდაპირ ასეთი მასშტაბის “გაერთმნიშვნელიანების“ ექსპერიმენტი რაციონალური იქნებოდა. პრაქტიკული გადმოსახედიდან – თურქეთის ფიზიკურ ზომასთან შედარებით, მისი დისტროფიული ეკონომიკური შეუხედაობის გამო; ფილოსოფიურიდან – რეიდენტიფიკაციის ქემალისტურ კოორდინატთა სიბრტყეზე მისი მაშინდელი და დღევანდელი მდებარეობის გამო. კვაზი-ოსმალური ვნებები არ გამქრალა და ადრეა ჯერ.
უფრო მცირე, უპრეტენზიო პროცესია დასაწყისისთვის საჭირო: აი, როგორც ლონდონელთა პოლიტიკურმა ნებამ შვა ცივილიზაციურ კუთვნილებაზე დიდი “მნიშვნელი“, როდესაც სედიქ ხანს ჩააბარა ქალაქი. ანალოგიური მოხდა ნიუ-იორკში.
ალბათ, ამაზე იგივე ჰანთინგტონი მეტყოდა, რომ ორივე მაგალითი უვარგისია, მემარცხენეულია, მეგაპოლისურია, ელიტურია და სხვა მოტივაციებით არის ნაკარნახები. ქვეყნების დონეზე კი, ასეთი საერთო, მტკიცე, რაციონალური ნება არა ცივილიზაციურ კუთვნილებაზე დიდი, არამედ ზოგადად “უდიდესი მნიშვნელია“ – უსასრულობაშია, არ არსებობს, აბსტრაქციაა და თუ წილადის მნიშვნელი უსასრულობისკენ მიისწრაფვის, თავად წილადის მნიშვნელობა (ჩვენს შემთხვევაში იდენტობა) – ნულდება. სწორედ ზემოთ ხსენებული ქემალიზმის შედეგებს მომიბრუნებდა არგუმენტად, რამაც მისისვე სიტყვებით ისევ თურქეთი “გაგლიჯა“ ვესტერნიზებულ ელიტად და ისლამურ უმრავლესობად, მაგრამ დასავლურ-მუსულმანური იდენტობები ვერ “გააერთმნიშვნელიანა“.
ადრეა ჯერ!
ცხადია, კულტურათა უფრო დიდ, პოლიტიკურ მნიშვნელზე “გაერთმნიშვნელიანებით“ იდენტობის მნიშვნელობა შემცირდება, მაგრამ არ დაკნინდება და მითუმეტეს არ განულდება. შემსუბუქდება!
რას მივიღებთ ამით? ახალ, სეკულარულ, პლურარისტულ, სამოქალაქო მეტა-კულტურას, სადაც რელიგია იდენტობის “მრიცხველში“ ავა და იქნება მდგენელი და არა მსაზღვრელი ტვირთი, რომელიც კონფლიქტებს წარმოშობს.
მეგაპოლისური თავისუფლება რურალურიც გახდება, როდესაც ელიტური ლიბერალიზმი გახდება საყოველთაო.
ბოლოს და ბოლოს, ლიბერალიზმი სხვა არაფერია თუ არა მიმღეობა.
მიმღეობას კი მხოლოდ ერთი ალტერნატივა აქვს – მიუღებლობა.
მიუღებლობის ხვედრი ვერასდროს იქნება თავისუფლება.


