ველოდები, რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არ აპირებს 20 000-ლარიანი გირაოს გადახდას, რომელიც მას სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკისრა.
ჯაფარიძის განმარტებით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა, დააკავონ.
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებს თუ არა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „არა, შანსი არ არის. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები,რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც გირაოს თანხა გადაიხადეს, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,რომ ეს არის მათი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი.
„მე ჩემი პირადი ამბავი მაქვს. ციხეში წასვლა კი არ მინდა, ჩემთვის პრინციპული ამბავია, რომ მაგ ფარსში მონაწილეობა არ მივიღო. ეს თავიდანვე ვთქვი, როცა დამიბარეს, რომ იქ არ მივალ, ამას რაც არ უნდა მოჰყვეს – მეთქი, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ-თქო. არ მივიღებ, გამორიცხულია. ჩემთვის ეს პრინციპული ამბავია. თუ დამიჭერენ, დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, სინამდვილეში, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა კი არ არსებობს, არამედ „ეს არის სადამსჯელო სისტემა“.
„მოსამართლისთვისაც ნათქვამი მაქვს, იმიტომ კი არ მოვდივარ, რომ ნდობა მაქვს და სიმართლეს ვიპოვი, მგონია, რომ ამის ყურება მნიშვნელოვანია პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ ნახოს საბოლოოდ, როგორია სისტემა, რომელიც პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის მერე არ შეცვლილა. სინამდვილეში, ეს არ არის მართლმსაჯულების სისტემა, ეს არის სადამსჯელო სისტემა. მარტო სასამართლო არა, შსს, პროკურატურა, ბადრაგი, მანდატურები, როგორ მონაწილეობენ ამ სიყალბეში და როგორ ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავია“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ხალხი ქუჩაში პროტესტს გამოხატავს.
„რაც მომწონს არის ის, რომ ეს პროტესტი გრძელდება და არ კვდება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კრიტიკა ისმის ხალხისგან, როგორებიც კლავიატურაზე თითების კაკუნის მეტს არაფერს აკეთებენ. ამბობენ, რომ აქციებმა თავი ამოწურა და ა.შ. ის თავის საქმეს აკეთებს და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ერთადერთი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვეგუებით ამ რეჟიმს და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ამის საჯარო დემონსტრირება მარტო საღამოს, რუსთაველზე ხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, აქციები ბრძოლის მოსაგებად საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევანში მონაწილეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
„ჩემი აზრით, რაც ამას უპირობოდ მოჰყვება, გარედან არაღიარების ხაზი, რომელიც ახლა კბილებით გვიჭირავს, ჩამოიშლება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ პოლიტიკურ სისტემაში არჩევნები რეალურად, არჩევნები არ იქნება, არამედ იქნება ფარსი.
„მგონია, რომ ეს პროტესტს მოკლავს. ამიტომ, ჩემი აზრით, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურად დიდი შეცდომაა იმიტომ, რომ ირიბად ლეგიტიმაციას ახდენ წინა არჩევნების, მათ მიერ გამოცხადებული შედეგების“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ის ფიქრობს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ეს გიორგი გახარიასთვის დამღუპველი იქნება.
„არ მგონია, რომ მონაწილეობა მიიღოს. მგონია, რომ მისთვისაც დაღუპვა იქნება. ეს ცელის გამოსმა იქნება. ერთი იმის გამო, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივა და მეორე, ვერც იმ შედეგს ვერ დადებს, რა შედეგის იმედიც შეიძლება ჰქონდეს. არ მგონია, გახარიას აწყობდეს იმაზე ნაკლები შედეგი, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუნდაც ცესკომ დაუწერა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო არ გარუსდება და ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მოქალაქემ უნდა გააანალიზოს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება.
„წასასვლელი არ გვაქვს, სახლში რომ დარჩე, სად მიდიხარ მერე? ჩეჩნეთში იღვიძებ და როგორ რჩები სახლში? ან უბრალოდ, ამაზე არ ფიქრობ, ტვინს თიშავ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
