ზურაბ გურული: ნავალნის გვამის ბენეფიციარები

“ნავალნის გვამის ბენეფიციარები
—————————————
რუსული ოპოზიციის ძველი თაობის „კლასიკოსები“, რომლებიც ძირითადად ამერიკასა და ევროპაში არიან დამკვიდრებულნი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ ალექსანდრე ნავალნის სიკვდილს. კლასიკოსები მაინც კლასიკოსები არიან, ამიტომ მათი რიტორიკაც კლასიკურად დახვეწილი და დიპლომატიურია. თუმცა, ამ რაფინირებული ფორმის მიღმა ნათლად იკითხება შემდეგი მესიჯები: 1) ნავალნი პოლიტიკოსი კი არა, ჩვეულებრივი პოპულისტი იყო; 2) ნავალნი კგბ-ს ღრმად დაფარული პროექტი იყო რუსული ოპოზიციის გასახლეჩად; 3) ნავალნის სიკვდილით კრემლიც შოკირებულია, რადგან მათ მოულოდნელად დაკარგეს აგენტი, რომელშიც დიდი რესურსები იყო ჩადებული; 4) ნავალნი მართლა თავისი სიკვდილით გარდაიცვალა; 5) ნავალნის სიკვდილი არაფრით არ აძლევდა ხელს პუტინს.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამერიკის ულტრა და ზომიერად კონსერვატიულ წრეებში ზუსტად ანალოგიური მოსაზრებები მუსირებს ნავალნის შესახებ. ცხადია, ნავალნიზე სინამდვილეს ვერასოდეს გავიგებთ. არც აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ის უკვე მკვდარია. ახლა მოგებული იქნება ის, ვინც უფრო გონივრულად გამოიყენებს მიცვალებულს. ნავალნის გვამის გამოყენება კი არაერთი სახით შეიძლება. მაგალითად, დასავლურ დემოკრატიებს შეუძლიათ კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი პუტინის სისასტიკეს; თუმცა ამას რეალური აზრი ექნებოდა მაშინ, თუკი დასავლეთი რაიმე ახალ, ქმედით პროტესტს მიმართავდა ს წინააღმდეგ. დასავლური დემოკრატიის კრებითი რეაქციის შესანიშნავი სიმბოლური გამოხატულებაა ნავალნის საპატიმრო კოლონიის თანამშრომლებისათვის სანქციების დაწესება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ. ცხადია, ამერიკული სანქციებიც დაახლოებით ანალოგიური, სიმბოლიკური კატეგორიიდან იქნება. პრეზიდენტ ბაიდენის პირადი შეხვედრა ელეგანტურად გამოწყობილ მომხიბლავ ქვრივთან და სტანფორდის სტუდენტ ქალიშვილთან ისეთი გულისამაჩუყებელიც ვერ იქნება უბრალო მოკვდავისათვის, როგორიც თუნდაც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მიერ 2008 წელს სამაჩაბლოდან გამოძევებული ქართველი ბავშვების ხელში აყვანა და ჩახუტება იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. „გადატვირთვის“ პროცესი დაიწყო რუსეთთან.
რუსული ოპოზიციისათვის ნავალნის სიკვდილი რომ გამაერთიანებელ ფაქტორად ვერ გამოდგება, ეს უკვე ნათელია. უფრო პირიქით. კარგი პარალელების გატარება შეიძლება ქართულ ოპოზიციასთან, რომლისთვისაც მთავარი პოლიტპატიმარის საკითხი გამაერთიანებელი კი არა, უფრო დამქსაქსველი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საბჭოური ინტელექტი ამ მიმართულებითაც გვაერთიანებს.
ასე რომ, ნავალნის გვამის მთავარი ბენეფიციარი ისევ კგბ იქნება. მათ დაამტკიცეს, რომ რუსულ ოპოზიციას არა აქვს არც გაერთიანების პოტენცია, არც რაიმე ქმედითი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ეს ირიბი მესიჯია დასავლეთისათვის, რომ არც კი მოცდნენ რუსულ ოპოზიციაზე ფსონის დასადებად. ამასთან, დასავლეთის იმპოტენტური აჟიოტაჟი კარგი თვალსაჩინოებაა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირების მსურველთათვის, რომ მათ ზედმეტი ილუზიები არ ჰქონდეთ დასავლური მხარდაჭერის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალში „ეკონომისტი“, გამოქვეყნდა საინტერესო სტატია; სათაურით: „რუსი აგენტები დაბრუნდნენ და ისინი უფრო საშიშები არიან, ვიდრე ოდესმე“. სტატიაში კარგად არის აღწერილი, როგორ მკვეთრად შეცვალა პრიორიტეტები ფსბ-მ ბოლო 2 წლის განმავლობაში და როგორ გააქტიურდა რუსული აგენტურა პოლიტიკური დივერსიის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს, მაშინ გასაგები გახდება, რატომ გააქტიურდნენ მასშტაბურად ე.წ. რუსი ანალიტიკოსები სოც-ქსელებში. მათი მიზანია დასავლურ და პრო-დასავლურ სივრცეში ისეთი საინფორმაციო ქაოსის შექმნა, სადაც სიცრუისა და სიმართლის გარჩევა შეუძლებელი იქნება. ასეთ მასიურ იდეოლოგიურ დივერსიასთან ეფექტური ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს. ეს არის სიმართლე, პატიოსნება და პრინციპულობა. ახლა გავიაზროთ, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულთა პროცენტული რაოდენობა და დაახლოებით შევძლებთ იმის წინასწარმეტყველებასაც, თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები მსოფლიო პოლიტიკაში,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …