ზურაბიშვილის განცხადებით, სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება

ს პრეზიდენტის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას განცხადებით გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს”, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტი რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
„დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”, – ვკითხულობთ ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ეს საკითხი დააყენა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში 8 მარტს გამართული შეხვედრისას და კიდევ ერთხელ დაგმო.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. მილოცვაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა, ბჟანია პუტინს მიმართავს, რომ მის კანდიდატურას „აფხაზეთის ხალხმა მხარი პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო „რესის“ ცნობით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 97%-მა.
საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი:
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ