ზუგდიდის ბაღების გაერთიანება – ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად, არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს

„სკოლამდელ – სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად, მუსიკის მასწავლებლის, ირინა კაკაჩიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, თითქოს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რაც მათი მტკიცებით, სიცრუეა.
მათივე მტკიცებით, ირინა კაკაჩია სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად, არც თანამდებობიდან ვინმეს გაუთავისუფლებია.
„ვეხმაურებით ა(ა)იპ „სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა“ მართვის ცენტრის დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად, მუსიკის მასწავლებლის, ირინა კაკაჩიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. ცალსახად განვმარტავთ, რომ ის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად, არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, რაზეც ირინა კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს სიცრუეა, ის ადრინდელის მსგავსად რჩება საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ირინა კაკაჩია მუსიკის მასწავლებლად ამ ბაღთან ერთად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში მუშაობს.
ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2023 წლის აპრილში დაინიშნა, მას შემდეგ რაც, დარჩელის ყოფილი საბავშვო ბაღის გამგე ავადმყოფობის გამო 2023 წლის 3 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფო ფურცელზე გავიდა, ხოლო 2024 წლის 1-ელ იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უფასო შვებულებაში იმყოფებოდა. სწორედ, ამ პერიოდში დაეკისრა გამგის მოვალეობის შესრულება ირინა კაკაჩიას. ამჟამად, ირინა კაკაჩია მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს, ხოლო ბაღის გამგედ აღნიშნულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრი დაინიშნა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.