“პუტინს ორი რეალური „მოკავშირე“ ჰყავს – ტერორი და ზამთარი. ჩვენ ორივეს უნდა გავცეთ პასუხი” – განაცხადა 10 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” გამოსვლისას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთიც “მოემზადა” ამ კონფერენციისთვის:
“გუშინ ღამით, მათ წამოიწყეს მორიგი მასიური იერიში უკრაინაზე – ძირითადად ჩვენს დედაქალაქს, კიევს უტევდნენ. თავდასხმაში გამოყენებული იყო რუსულ-ირანული “შაჰედის” დრონები. ეს დრონები მნიშვნელოვნად არის განახლებული, რომ უფრო დიდი ნგრევა მოიტანოს და უფრო რთული იყოს მათი ჩამოგდება. უკრაინელები ახლა ყოველ ღამე ასობით, ასობით ასეთი დრონების თავდასხმის ქვეშ არიან. ეს წმინდა წყლის ტერორიზმია”.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორი დღის წინ რუსეთმა 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა უკრაინის ტერიტორიაზე. 9-10 ივლისის ღამის განმავლობაში კი – თითქმის 400:
“ისინი ცდილობენ ეს რაც შეიძლება ხშირად აკეთონ. ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს უნდა – რომ ჩვენი ხალხი იტანჯებოდეს, რომ ადამიანები გაიქცნენ უკრაინიდან, რომ სახლები, სკოლები და თვით სიცოცხლე ყველგან განადგურდეს, არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან”.
ზელენსკიმ კონფერენციის დამსწრე მსოფლიო ლიდერებს შეახსენა ერთი წლის წინანდელი ვითარება:
“გაიხსენეთ – სულ რაღაც ერთი წლის წინ ბევრს ეგონა, რომ რუსეთს ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი მოლაპარაკებები და ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა სურდა. მოსკოვი გზავნიდა ასეთ სიგნალებს და ეს მათი პროპაგანდის ნაწილი იყო – რომ უკრაინას არ სურდა მშვიდობა. თუმცა, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, რადგან ის არ ემზადებოდა მშვიდობისთვის. ახლა ყველა ხედავს, რომ პუტინმა უარჰყო ყველა სამშვიდობო შეთავაზება და ზრდის ძალადობას”.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ სამხედრო წარმოებაში”
“ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთის დრონები და რაკეტები. ეს ნიშნავს მეტი ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების მოწოდებას და მეტ ინვესტივიას გადამტაც დრონებში, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რა თქმა უნდა, რაკეტებში.
მოვუწოდებ ყველა პარტნიორს – გაზარდეთ ინვესტიციები. როცა რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს დაფინანსების დეფიციტი დრონების წარმოებაში”.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ ქვეყანას დღემდე გაწეული დახმარებისთვის:
“მადლიერი ვარ კოალიციების მონაწილე ყველა ქვეყნისა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მართლაც ეფექტიანი კოალიციები შევქმენით – დრონების ეფექტიანი კოალიცია – შეგიძლიათ ნახოთ როგორ გვეხმარება დრონები სიცოცხლის შენარჩუნებაში, ფრონტის ხაზის დაცვასა და რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განსახორციელებლად, ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ძლიერი საავიაციო კოალიცია – მადლობა მის ყველა წევრს.
უკრაინამ მიიღო და ქმნის თანამედროვე მოიერიშე ავიაციას. ეს უზარმაზარი დახმარებაა – გმადლობთ, გმადლობთ, პარტნიორებო. ჩვენ ეს მოვახერხეთ რეკორდულ დროში. არც ერთი სხვა ქვეყანა არ გადასულა საბჭოთა თვითმფრინავიდან F-16-სა და „მირაჟებზე“ ასე სწრაფად.მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. მსურს აგრეთვე აღვნიშნო რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების კოალიცია. ეს არის გლობალური ძალისხმევა, რომელშიც არიან ქვეყნები იტალიიდან დაწყებული კანადამდე. გუშინ ვესაუბრე პაპ ლეოს იმის შესახებ როგორ შეუძლია ვატიკანს ამ საქმის მხარდაჭერა და უკვე აკეთებს კიდეც ამას”.
ერთ-ერთი ბოლო აქცენტი ზელენსკის გამოსვლაში მომავლი ზამთრისთვის მზადება იყო:
“ჩვენ უკვე ვემზადებით შემდეგი ზამთრისთვის. სრულმასშტაბიანი ომის პირობებში უკვე გადავიტანეთ სამი ზამთარი. რა თქმა უნდა, ყველას დიდი მადლობა, ვინც დაგვეხმარეთ ამაში. მადლობა! უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა შემდეგი ზამთრის გადასატანადაც”.
რომში, იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის მასპინძლობით გამართულ კონფერენციაზე, პარტნიორი ქვეყნების ლიდერების გარდა მონაწილეობდნენ 500-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები. როგორც ითქვა, მომზადდა დაახლოებით 200 შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს.
ფორუმი
