ზაზა თავაძე – ვინც გახარიას გაქცევაზე საუბრობს, უპასუხისმგებლო და მიკერძოებულია, გახარია არის ივანიშვილის მიერ დევნილი – რაც შეეხება 8 პარტიას, კითხვაზე: „რა ხდება 5 ოქტომბერს“? ეს სუბიექტები პასუხს ვერ გეტყვიან

კომისიის წევრები არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები, იმართებიან ერთი ცენტრიდან, ერთი დირიჟორი ჰყავთ. ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინაც, როდესაც დილამდე ამბობდნენ, რომ გახარიას ჩართვა არ მოხდებოდა, შემდეგ, ეტყობა, „დიფ სთეითმა“ დარეკა, შესაბამისად, ეს ერთობის ყველა თოჯინა 180 გრადუსით შემოტრიალდა და ე.წ. კომისიაზე გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით საუბარი პირიქით დაიწყო,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა საგამოძებო კომისიის გადაწყვეტილება, რომ პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია 2 ივლისის სხდომაზე დისტანციურად გამოკითხოს.
თავაძის შეფასებით, კომისიის წევრები „იძულებულები გახდნენ“, რომ გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეეცვალათ.
„დიფ სთეითმა“ დარეკა? ახლა სერიოზულად. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გიორგი გახარიას ჩართვა მომხდარიყო ამ კომისიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ კონსტიტუცია და სამართალი არ აინტერესებთ, უფრო სწორად, ამას ვერ ასრულებენ, რადგან ფაქტობრივად, მათი გადმოსახედიდან კონსტიტუცია გაუქმებულია, ლოგიკას ვერ გაექცნენ ვერსად. ვერ გაექცნენ ჯერ კიდევ შემორჩენილ მათ ამომრჩეველს. მათზე ვერ გაყიდეს ის, რომ მაგალითად, დავით ბაქრაძისა და სხვა გამოსაკითხი პირების ჩართვა თუ შეიძლებოდა ამ კომისიაზე, რატომ არ შეიძლებოდა გიორგი გახარიას ჩართვა?
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ თავის დროზე მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გახარიას სიმართლის ეშინოდათ. უკვე შემდეგ, იძულებულები გახდნენ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ტექნიკური გამართვის დავალდებულებას გიორგი გახარიაზე, რომ მიკროფონი არ გათიშოს… პირიქით ვიტყოდი. ვიხსენებ რა, გიორგი გახარიას 6-საათიან ამ ე.წ. კომისიაზე მისვლას, პირიქით მგონია, მათ არ მოუწიოთ მიკროფონის გათიშვა რაღაც მომენტში. ისინი, ფაქტობრივად, ტყუილზე აგებული დღის წესრიგით მოქმედებენ და მოგეხსენებათ, ტყუილთან სიმართლე ძლიერია. ასე, რომ გიორგი გახარია 2 ივლისს ამ ე.წ. კომისიაზე ჩაერთვება და სიმართლეს იტყვის“,- განაცხადა თავაძემ.
რაც შეეხება იმას, ჩამოვა თუ არა გიორგი გახარია საქართველოში, თავაძის თქმით, ის „ამას თავად გადაწყვეტს“.
„არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებსაც გიორგი გახარია აუცილებლად აწონ-დაწონის და ისე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ვინც მის გაქცევაზე საუბრობს, მინიმუმ უპასუხისმგებლო და მიკერძოებულია. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. ეს მათ არანაირ დივიდენდს არ მოუტანს, იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, როგორ არის გიორგი გახარია პირადად ს მიერ დევნილი. ივანიშვილის, რომელმაც არჩევნებამდე 4 დღით ადრე დააანონსა, რომ ის პასუხს აუცილებლად აგებინებდა გიორგი გახარიას, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურად, უკანონოდ და შეუკერავდა სისხლის სამართლებრივ საქმეს, რომელსაც ახლა ვხედავთ და თვალს ვადევნებთ“,- განაცხადა თავაძემ.
თავაძე, ასევე, გამოეხმაურა რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. თავაძის შეფასებით, გუშინ ამ რვა პოლიტიკური სუბიექტისგან „ახალი არც არაფერი მოგვისმენია“.
„ჩვენი და „ლელოს“ თვითმიზანი არ არის ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არ არის ჩვენთვის კომფორტი. ეს არის ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი რესურსისა და დროის ხარჯვა. ფაქტობრივად, ეს არის ის ბრძოლა, რომელი ბრძოლაც გასამართია, თუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვრჩებით. თუ არ ვრჩებით, მაშინ კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა ჯერ ერთი, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას და არც არის ეს ხალხი ამისთვის მზად. მე არ ვიცი, რისი იმედი აქვს ამ დანარჩენებს. თუ ისინი ამ აზრზე დარჩებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ეს კომფორტს უქმნის და უპირატესობას აძლევს რეჟიმს. კითხვაზე: – რა ხდება 5 ოქტომბერს“? ის 8 სუბიექტი, პასუხს ვერ გეტყვის – სუბიექტები, რომლებმაც გუშინ თითქოს სიახლე გვითხრეს, მაგრამ სიახლე არ იყო, რადგან მათი პოზიცია ვიცოდით“,- განაცხადა თავაძემ.
ამასთან, თავაძემ ისაუბრა გასულ კვირას პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილულ და მიღებულ კანონზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება აღარ ეძლევათ. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანია „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე შავი ფარდის ჩამოფარება“.
„ზუსტად, წინა ხელისუფლების ბოლო ჟამს მოხდა ანალოგიური. შეიძლება ერთი სიტყვით ან წინადადებით განსხვავდებოდეს, მაგრამ არსი და ხელოვნურად ლეგიტიმური მიზანი, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ხელისუფლების დროს ერთ-ერთშია. ეს არის იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე შავი ფარდის ჩამოფარება, რაზეც ინფორმაციის გავრცელება მათ არ აწყობთ“,- აღნიშნა თავაძემ.