6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. სახელმწიფოს მეთაურმა მათ უკრაინის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და „გმირები“ უწოდა.
„დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის, სახელმწიფოს დაცვისთვის. გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამარჯვებას. მადლობა ყველა ჩვენგანისგან, უკრაინის ხალხისგან თქვენი გმირობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
საავადმყოფოში მყოფ სამხედროებს უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. უმცროსი სერჟანტი ვალერი კუჩერენკო, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, ზელენსკიმ ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა.
2023 წლის ოქტომბერში უმცროსი სერჟანტი ვალერი კუჩერენკო ხელმძღვანელობდა მოიერიშე ჯგუფს ლუგანსკის რეგიონში სამოქალაქო პოზიციის დასაკავებლად. მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ, მან ხელყუმბარებით გაანადგურა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი და ხუთი ოკუპანტი, თავად კი მიღებული ჭრილობებისგან ხელები დაკარგა, -ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
6 დეკემბერი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა. უმაღლესი რადის დადგენილებით, ეს დღესასწაული უკრაინაში 1993 წლიდან აღინიშნება.