საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ.
კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს იცავენ, სიმამაცესა და გამბედაობას აჩვენებენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევენ“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.